„არც ერთი დიდი პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა, არ აშენებულა თავის დროზე და თავდაპირველ ფასებში“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხმაურება. მისი თქმით, „მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 23 მილიარდი ლარი იქნა დახარჯული ბიუჯეტიდან 2012 წლიდან დღემდე და არცერთი პროექტი დამთავრებულა ვადაში და თავის ფასებში“.
„არც ერთი დიდი პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა, არ აშენებულა თავის დროზე და თავდაპირველ ფასებში. ტენდერებში, წინასწარ შეთანხმებით, იგებდნენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები, იცოდნენ რა, რომ საბოლოო ჯამში პროექტის ღირებულებაც გაიზრდებოდა და ხარისხზე და ვადებზეც თვალს დახუჭავდნენ. საწყისი, შედარებით დაბალი ფასით კონკურენტების ჩამოცილებაც ხდებოდა, რასაც საბოლოოდ ხარჯების ზრდა მაინც მოჰყვებოდა. ასე მოხდა ბავშვთა ოლიმპიური სასახლის, „ევრობასკეტისათვის” განკუთვნილი ახალი სპორტის სასახლის, ე. წ. პიონერთა სასახლის, ჭავჭავაძის გამზირის, ვაკის პარკის, მელიქიშვილის გამზირის, ქეთევან წამებულის გამზირის და სხვა პროექტების შემთხვევაში. ვაკის პარკის რეაბილიტაცია დღემდე გაჩერებულია და საბოლოო ჯამში ალბათ თავდაპირველზე ორჯერ მეტი დაჯდება. მხოლოდ ახალ სპორტის სასახლეზე 20 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ტენდერით იყო გათვალისწინებული.
წერეთლის გამზირიც ერთ დროს აშენდება და სამწუხაროდ, დაგვავიწყდება რა ზიანი მიადგა ქალაქის მოსახლეობას, იქ მცხოვრებლებს, ბიზნესს. ასე იყო ჭავჭავაძის პროსპექტის გაჭიანურებული მშენებლობისაც. ახლა ვიღაცები ამბობენ, ვინც ჭავჭავაძე ააშენა, დიდუბეშიც იმას გაეკეთებინაო. მოკლე მახსოვრობა გვაქვს.
კორუმპირებული ხელისუფლება ყველგან ასე იქცევა. მხოლოდ სამტედია-გრიგოლეთის გზამ, რომელიც ათი წელიწადზე მეტია შენდება, ას მილიონ ლარზე მეტით აზარალა ბიუჯეტი და დღესაც არ უჩანს ბოლო.
მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 23 მილიარდი ლარი იქნა დახარჯული ბიუჯეტიდან 2012 წლიდან დღემდე და არცერთი პროექტი დამთავრებულა ვადაში და თავის ფასებში.
ეს მაგალითები მხოლოდ ერთი მიმართულებით ქვეყნის რესურსების განიავებისა და მითვისების მაჩვენებელია. ასე ხდება ყველგან, მუნიციპალიტეტებიდან დაწყებული, სახელმწიფო საწარმოებით დამთავრებული. ამიტომ გვაქვს საქმე იმ პარადოქსთან, როცა ეკონომიკა იზრდება, ხალხი კი ღარიბდება და ქვეყანას ტოვებს. მალე გამოქვეყნდება მიგრაციის სტატისტიკა და იმაზე არანაკლებ საგანგაშო სურათი გვექნება, ვიდრე 2022 წელს იყო“, – წერს რომან გოცირიძე.