არც ერთია ეროვნული, არც მეორეა ევროპელი – გახარია „ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებზე

ექსპრემიერი, პარტიის, „საქართველოსთვის“, დამფუძნებელი გიორგი გახარია საზოგადოებაში პოლარიზაციაზე საუბრობს და აკრიტიკებს როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე სხვა პარტიებს.
ის ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „იძულებული გახდა, ფიზიკურად ეძალადა მოქალაქეებზე“.
27 მაისს, პარტიის დაფუძნებიდან ოთხი წლის თავზე, გახარიამ სასტუმრო „პულმანიდან“ მიმართა თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს.
„საქართველოს პოლიტიკოსების ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან მარტო ეროვნულები და სხვა ყველას ეროვნულობასთან ახლოს არ გაგვივლია და არ გვესმის. მეორე ნაწილი კი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ ვერ იქნება ევროპელი“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა:
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე – ნამდვილი ევროპელი“.
მას არ დაუკონკრეტებია პარტიები, – როგორც თქვა, მიზანმიმართულად: „მე დღეს ვეცდები, რომ პოლიტიკური პარტიების ან ლიდერების სახელი არ დავასახელო“.
„ყველასთვის, ვინც დარწმუნებულია, რომ განსხვავებული აზრი არის დიდი ფასეულობა, ჩვენი კარგი ყოველთვის იქნება ღია. ყველასთვოს, ვისაც არ უნდა ეს ორი პოლუსი, რადიკალური ძალა განსაზღვრავდეს მომავალს, მათთვის ჩვენი კარი არის ღია“, – განაცხადა გახარიამ.
„არ ვამბობ, რომ ეს [ძალადობა] უნდოდა“
გახარიამ ისაუბრა „სამყაროსა და გეოპოლიტიკური თამაშის წესების ცვლილებაზე“ და „ქართულ ოცნებას“ „არაეფექტური“ უწოდა:
„ამ დროს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყნის მეგობრების გამრავლების ნაცლვად, ქვეყნის იზოლაციაში მოაქციოს და მარტონი დავრჩეთ მზარდი გამოწვევების წინაშე“, – თქვა მან.
მან ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დემონსტრანტებზე ძალადობისათვის, თუმცა თქვა, რომ ის „იძულებული გახდა, ეძალადა“:
„ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ღირსების და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული გახდა – მე არ ვამბობ, რომ ეს უნდოდა და სიამოვნებდა, მაგრამ, იძულებული გახდა ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, როგორიც ქვეყანას არ ახსოვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, განვითარების ეს ტრაექტორია საზოგადოებას მიიყვანს „კიდევ უფრო მეტ და დიდ გამოწვევამდე“.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის – თუ ვინმე არ გვეთანხმება, არ ნიშნავს, რომ მას სამშობლო არ უყვარს, რომ ისინი ვიღაცის აგენტები არიან. ეს ნიშნავს, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ და ჩვენ უნდა შეგვეძლოს მათთან ლაპარაკი“, – თქვა გახარიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ „დღეს „ოცნებას“ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს“:
„ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალია. ეს ნიშნავს, რომ ჩვნე ამ ხალხს კარგად ვერ ავუხსენით, ეს აღარ არის ის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. ის არსებობს მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე“.
მას შემდეგ, რაც 2025 წლის 14 აპრილს გიორგი გახარია პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე მივიდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ის გააკრიტიკეს იმის გამო, რომ დაარღვია სალომე ზურაბიშვილთან „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში არსებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, პარტიები არ მონაწილეობენ კომისიის სხდომებში, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.