„არც დიდი ბიზნესისთვის იქნება ადვილად შესასრულებელი“ – მიშა კორძახია სამუშაო მოწყობილობების რეგლამენტზე

რამდენიმე თვეში ბიზნესს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს. ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი შეიმუშავა, რომელიც ეხება თითქმის ყველა ბიზნესს, რომელიც სამუშაო სივრცეში მანქანა/დანადგარებს, აპარატურას, ხელსაწყოებს ან მოწყობილობებს იყენებს.
რეგლამენტი დამსაქმებელს ავალდებულებს მიიღოს სათანადო ზომა იმისთვის, რომ დასაქმებული უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო მოწყობილობებით. ამ სამუშაო მოწყობილობებს კი უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და მისი ექსპლუატაციაც მასში განსაზღვრული მითითებების შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს.
ამასთან, აღნიშნული რეგლამენტით დამსაქმებელი ვალდებულია, გარკვეული პერიოდულობით ახდენდეს სამუშაო მოწყობილობების შემოწმებას, რაც დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს, ჩანაწერები კი პასუხისმგებელ პირთან უნდა ინახებოდეს. განსხვავებულია რეგლამენტის მოთხოვნები როგორც სპეციფიკური, ისე მოძრავ და ადამიანის გადაადგილებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებთან დაკავშირებით.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ცვლილებების მნიშვნელობის მიღმა იმ გამოწვევებზეც საუბრობენ, რომლის წინაშეც არც თუ ცოტა ბიზნესი შეიძლება აღმოჩნდეს. მიხეილ კორძახია ამბობს, რომ დღემდე გამოიყენება მოწყობილობები, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს და შესაბამისად რეგლამენტის მოთხოვნებს შეიძლება ვერ პასუხობდეს, ამიტომ მისი ჩანაცვლება ან მოდიფიცირება ბიზნესისთვის ბუნებრივია ფინანსური წნეხია. მას მიაჩნია, რომ კერძო სექტორს რეგულაციაზე მოსარგებად გონივრული ვადა უნდა მიეცეს.
„საკითხი ეხება ნებისმიერ მოწყობილობას და დანადგარებს, რომელსაც სამუშაო სივრცეში ამუშავებს ბიზნესი და შესაბამისად არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომ ადამიანები დაზიანდნენ. თემა აქტუალურია, შეიძლება ითქვას აუცილებელიც, მაგრამ აქ საკითხი დგას, როგორ მოხდება მისი რეგლამენტირება და ამა თუ იმ ბიზნესისათვის რამდენად იქნება ეს ადვილად შესასრულებელი. ახალ დანადგარებზეა საუბარი ძირითადად და მათ მოდიფიკაციაზე, რაც არსებობს საწარმოო გარემოში. ეს გამოწვევა ძირითადად ალბათ ექნება მცირე და საშუალო ბიზნესს, თუმცა არც დიდი ბიზნესისთვის იქნება ადვილად შესასრულებელი. როგორც მინიმუმ, ჩემი ხედვით დრო უნდა იყოს განსაზღვრული მისი ამოქმედების, როგორც მინიმუმ 2 წელი მაინც და ცოტა მეტი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომ შეძლონ მოერგონ და შეასრულონ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები.
ძირითადში ალბათ დიდი ნაწილი ვერ ჩაჯდება იმ უსაფრთხო პირობების გარანტირებაში, რაც შეიძლება არსებობდეს არსებულ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ ნებისმიერი მოწყობილობა, რაც კი არსებობს ნებისმიერ სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა სამშენებლო იქნება, თუ მომსახურების სფერო, ყველგან იარსებებს დღეს ის დანადგარები და მოწყობილობები, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეიძლება ვერ პასუხობდეს. მათი მოდიფიცირება, გადაიარაღება ან ახლით ჩანაცვლება ეს ალტერნატივა დადგება რა თქმა უნდა თითოეული კომპანიის წინაშე. აქ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ, რასაც დასჭირდება როგორც ფინანსური რესურსი, ასევე სხვა ძალისხმევა, თუ როგორ მოერგება მოთხოვნებს“,- აცხადებს bm.ge-სთან ინტერვიუში მიშა კორძახია, „ბიზნეს საქართველოს“ პრეზიდენტი.
სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ რეგლამენტის არსებული პროექტის მიხედვით, ცვლილებების ნაწილი მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, ნაწილი კი 2026 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.