არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება — ბურჭულაძე

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე მოქალაქეებს 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
ის ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლისას არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება არ შეფერხდება.
„ხშირად, ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება. მინდა გითხრათ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, ისეთი როგორიცაა , ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება. სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არამხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას“, — განაცხადა პაატა ბურჭულაძემ 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული. ბურჭულაძემ თბილისის მერიას მიმართა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, ოთხ ადგილას სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟის შესახებ. დედაქალაქის მერიამ ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს 4-ის ნაცვლად ერთი სცენის მონტაჟის უფლება მისცა.