არჩილ მუსელიანცის ადვოკატი – საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია – მუსელიანცის წინააღმდეგ არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი, გამამართლებელი განაჩენი

საპროტესტო აქციების ფარგლებში, პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართულად დაზიანებისა და ცეცხლის წაკიდებისთვის ბრალდებული არჩილ მუსელიანცის მიმართ ადვოკატმა სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით მიმართა.
ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი იცავს. როგორც მან შუამდგომლობაში განმარტა, არჩილ მუსელიანცის წინააღმდეგ, საქმეში არ არის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი, გამამართლებელო განაჩენი.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, თუმცა დასკვნითი სიტყვის წარმოთქვამდე, მან მოსამართლე გიორგი არევაძეს წარუდგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ბრალდებულ არჩილ მუსელიანცმა პატიმრობის ვადაში ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
გარდა ამისა, ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა შესაბამისი დოკუმენტით, სადაც მითითებულია ის, რომ დაკავების დროს მუსელიანცს ჰქონდა ტვინის შერყევა და ამის თაობაზე ჯანმრთელობის ცნობის მიღების მიზნით -ს მიმართა, თუმცა უწყებიდან დოკუმენტი ამ დრომდე არ მიუღია.
რაც შეეხება დასკვნით სიტყვას, როგორც ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამტკიცებს, „საქმე შეკერილია“.
მისი თქმით, არჩილ მუსელიანცი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მუხლი სისხლის სამართლის მიმართულებით შემდეგ გადაუკვალიფიცირდა. მისი თქმით, გადაკვალიფიცირებული მუხლით გამოძიება მუსელიანცს პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართულად დაზიანებას და ცეცხლის წაკიდებას ედავება, თუმცა საქმეზე ბრალდებულის წინააღმდეგ “მნიშვნელოვანი არაფერია მოპოვებული, არაფერი არ ყოფილა ამოღებული”, გამოძიებას ასევე არაფერი ამოუღია მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, მუსელიანცს დაკავების შემდგომ ადვოკატი 2 დღის განმავლობაში არ ჰყოლია, გაურკვეველი იყო ისიც, თუ რომელ იზოლატორში იმყოფებოდა ბრალდებული. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის გამოძიებაში მონაწილეობა საკუთარი სურვილით არ მიუღია და არც ის იცის, რაზე მოაწერინეს ხელი.
„ბრალდებულს დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს მოტყუებით და როცა მან ადვოკატი მოიკითხა, უპასუხეს, „ადვოკატი კი არა, ჰოლივუდში ხომ არ გგონია თავიო“. განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.
რაც შეეხება ბრალდებულის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ვიდეომასალას, ადვოკატი განმარტავს, რომ აღნიშნული ვიდეომასალა დამონტაჟებულია, შესაბამისად, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე არის „თეთრი ძაფით ნაკერი“.
უფრო კონკრეტულად, როგორც ადვოკატმა სხდომაზე აღნიშნა, გამომძიებელი ვანო გავაშელიშვილი პატაკში წერს, რომ ათვალიერებდა ტელეკომპანია „პოსტვ”-ის სოციალურ ქსელში, რა დროსაც შეხვდა „კაბელების დაწვის ვიდეო“.
ადვოკატის თქმით, გამომძიებელი ამბობს, რომ მან ვიდეოს დათვალიერებისას ნახა, რომ ვიდეოში ასახული იყო ის ადამიანი, ვისაც მან მანამდე ფოტო გადაუღო, შეადარა ვიდეოში ნანახ პირს და დაადგინა, რომ ეს ადამიანი არის ბრალდებული – არჩილ მუსელიანცი. ადვოკატის მტკიცებით კი, აღნიშნული ვიდეო დამონტაჟებულია და მასში ასახული პირი არჩილ მუსელიანცი არ არის.
„ერთი ვიდეო აქვთ მუსელიანცის წინააღმდეგ და მაგაზეა მთელი ბრალდება აგებული.
ამ ვიდეოზე უნდათ, რომ დაამტკიცონ, რომ ეს ის ადამიანია, ვინც დენის წყაროს ცეცხლი წაუკიდაო. „პოსტვ”-ის „ფეისბუქ“ გვერდიდან აღებულ ვიდეომასალაზე ჩაატარა ექსპერტმა კვლევა… თავიდან ბოლომდე ეს საქმე იყო შეკერილი.
არჩილ მუსელიანცის წინააღმდეგ, საქმეში არ არის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი, გამამართლებელო განაჩენი, არჩილ მუსელიანცი თავს უდანაშაულოდ ცნობს“,- განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა მიიღოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას.

ასევე დაგაინტერესებთ