საპარლამენტო არჩევნების წინ, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თუ როგორია დღეს ჩვენი ქვეყანა, რისი გაკეთება შევძელით ერთად? საქართველო დღეს არის ბევრად უფრო განვითარებული, თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ევროპული სახელმწიფო, ვიდრე 12 წლის წინ – როდესაც თქვენ ისტორიული არჩევანი გააკეთეთ და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა ჩვენ ჩაგვაბარეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევები არის მშვიდობის დაცვა და უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის გაორმაგება და არსებითი პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
„ეს არის ის საქმე, რაც ჩვენ ზურგს გვიმაგრებს და რითაც ჩვენს საზოგადოებას ვთხოვთ მხარდაჭერას მომავალშიც.
მადლობას ვუხდით ჩვენს თანამოქალაქეებს და ჩვენს მხარდამჭერებს ამ წლების განმავლობაში ძლიერი თანადგომისთვის. თქვენს გარეშე ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, შეუძლებელი იქნებოდა დაგვეცვა ქვეყანა გარეშე თუ შიდა მტრებისგან, მძიმე ზეწოლისგან, რევოლუციების და დესტაბილიზაციის მცდელობებისგან, დეზინფორმაციისგან და იმ საფრთხეებისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანას არეულობას, წარსულში დაბრუნებას და განადგურებას მოუტანდა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია.
„ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და მათმა ლობისტებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, საზოგადოების მხარდაჭერა არის ჩვენი ძალა და ამავე დროს შესაძლებლობა, რომ განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და მოვუტანოთ საქართველოს მეტი წარმატება.
მათ სურთ არჩევნების გვერდის ავლით, მასში ჩარევითა და ზეწოლით თავს მოგვახვიონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. ამას არ დავუშვებთ – არავის მივცემთ უფლებას ჩვენი მოქალაქეების არჩევანი შეცვალოს და მათ ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება!
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია – შევინარჩუნებთ თუ არა მშვიდობას, დავიცავთ თუ არა ჩვენს ფასეულობებს, შევძლებთ თუ ვერა ქვეყნის გამთლიანებას, გავხდებით თუ არა ძლიერი, სუვერენული და წარმატებული ევროპული სახელმწიფო – ეს არჩევანი დგას ოქტომბრის არჩევნებში. ამიტომ მოგმართავთ, რომ ძლიერი მანდატი მოგვანიჭოთ და საკონსტიტუციო უმრავლესობით ვიყოთ წარმოდგენილი მომდევნო პარლამენტში!
შეხედეთ ამ რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დღეს სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა ფორმით და ნომრით გთხოვთ არჩევნებში მხარდაჭერას.
და როგორ მოექცნენ ისინი თქვენს ხმებს 2020 წლის არჩევნების შემდეგ? არ შევიდნენ პარლამენტში, აუქმებდნენ საკუთარ მანდატებს და გააუქმეს საკუთარი პროპორციული სიები. მოწყენილი სახეები ჰქონდათ როცა ელექტრონულ სისტემას ვნერგავდით არჩევნებში, რატომ? იმიტომ, რომ იცოდნენ, მომდევნო არჩევნებში წარუმატებლობას ხალხს, სახელმწიფოს და საარჩევნო ადმინისტრაციას ვეღარ გადააბრალებდნენ.
43% გვიწესებდნენ ბარიერად და თავად 5% გადალახვას არ თანხმდებოდნენ. ბიუჯეტიდან მიღებული სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის ჩატარებაც უცხოური ფულით და დონორების დაფინანსებით სურდათ ჩაეტარებინათ.
განა შეიძლება ენდოთ ასეთ ოპოზიციას? შეიძლება ასეთმა ოპოზიციამ ქვეყანაზე აიღოს პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, არა!
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, გააკეთოთ მართებული არჩევანი, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“ და ამით მხარი დაუჭიროთ მშვიდობას, ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.