პირველ რიგში, იმ წლებისთვის, იმ შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იღებს პენსიას. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენთვის გადმოეცათ ეს ქვეყანა ისე, როგორც მათ შეძლეს. დღეს ჩვენ მათ საქმეს ვაგრძელებთ და ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, დაცულია უსაფრთხოება, გვაქვს ეკონომიკური ზრდა და საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.
არჩილ თალაკვაძე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებს შეეხო და ყურადღება საპენსიო ფონდის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„საპენსიო რეფორმები ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ოპოზიციიდან დღეს არავინ არ ახსენა ის, რომ ჩვენ საპენსიო ფონდი შევქმენით. ფონდი ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ მომავალში უკვე ევროპული მოდელით და შრომის მოცულობის შემოსავლებზე დაფუძნებით, უფრო სამართლიანი და ეფექტური საპენსიო პოლიტიკა აწარმოოს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ პენსიონერი მოსახლეობის ხმებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, რაც საზოგადოების სიცრუეში შეყვანას ემსახურება.
„პენსიების საკითხი წინასაარჩევნოდ კი არ გაგვახსენდა, პირიქით, ჩვენ ჩავხსენით საარჩევნო ვაჭრობებიდან პენსიების თემა. პენსიონერების ხმებით ვინმეს რომ არ ევაჭრა, ზუსტად ამიტომ, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, რომლითაც პენსია პირდაპირ დაუკავშირდა და მიება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
ძვირფასო პენსიონერებო, ძვირფასო თანამოქალაქეებო თქვენ დღეს ოპოზიციის დაპირება აღარ გჭირდებათ და არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება აღარ გჭირდებათ, რომ თქვენი პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება. ეს უკვე კანონით არის გარანტირებული!“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საზოგადოებას წინა ხელისუფლების დროს არსებული საპენსიო სესხების განაკვეთიც შეახსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდა და დღეს 26% შეადგენს.
„რაც შეეხება ისტორიას – რამეს ხომ უნდა შევადაროთ დღეს რა გვაქვს და ადრე რა იყო. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების პერიოდში საპენსიო სესხზე ანუ პენსიონერებისთვის გაცემულ სესხზე განაკვეთი 100-დან 200%-მდე მერყეობდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება, ცოტა ხანში ბანკებმა 80%-მდე დაწიეს ეს ციფრი, შემდგომ 53%-მდე, შემდეგ წლებში 42%-ზე ჩამოვიდა, შემდგომ 33%-მდე შემცირდა და შემდეგ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ 26% გახლავთ ახლა საპენსიო სესხების განაკვეთი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ასევე პოპულიზმია იმაზე საუბარი, რომ თითქოს სხვა ბანკებს საპენსიო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
„ეს არის მტკნარი სიცრუე! ნებისმიერ ბანკს შეუძლია საპენსიო პროდუქტით ამ ბაზარზე შემოვიდეს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. როგორც ჩანს, არ არის ეს მათი კომერციული ინტერესის საგანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
