თუ ფარცხალაძე საზღვრის გავლით საქართველოში დაბრუნდა, გარწმუნებთ, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვიზიტორების შემოსვლას აკონტროლებს, სრულ მზად ყოფნაშია და მათი კომპეტენციის ფარგლებში ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონის კონტროლის ქვეშ. ამიტომ ამაში, არაფერია სკანდალური და ამისგან ახალი სენსაცია არ გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, თუ რატომ ჩამოვიდა საქართველოში ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე.
„თქვენი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ოთარ ფარცხალაძე აეროპორტში ნახეთ, რომ ჩამოვიდა. მინდა შეგახსენოთ, რამდენად არათანმიმდევრული იყო ზოგიერთი მედია, როდესაც ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პროცესებს აშუქებდა. ცოტა ხნის წინ, ზოგიერთი მედია ამბობდა, რომ ის „გააპარეს“ და საქართველოდან გაიქცა. ახლა იგივე ადამიანები, იგივე ტელევიზიები ამბობენ, რომ ფარცხალაძე საქართველოში დაბრუნდა. თქვენი წინა კამპანია და კითხვები ეწინააღმდეგება იმას, რასაც ახლა ამბობთ და რაზეც სვამთ კითხვებს.
მეორე, თუ ფარცხალაძე საზღვრის გავლით დაბრუნდა საქართველოში, გარწმუნებთ, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვიზიტორების შემოსვლას აკონტროლებს, სრულ მზად ყოფნაშია და მათი კომპეტენციის ფარგლებში ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონის კონტროლის ქვეშ. ამიტომ ამაში, არაფერია სკანდალური და ახალი სენსაცია არ გამოვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
კითხვაზე, ფარცხალაძის ჩამოსვლა, პირიქით, ხომ არ აჩენს კითხვას, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ახალი მისიით შემოიყვანეს, თალაკვაძე პასუხობს, რომ ამისგან ახალი პოლიტიკური სკანდალის შექმნა არ გამოვა.
„ვინ შემოიყვანეს ეს ჩვენ გვახსოვს. ვინ შემოიყვანეს, ვითომ, განსაკუთრებული მისიით საქართველოში, ძალიან კარგად უნდა გახსოვდეთ. თქვენი კითხვა იყო, რომ დაინახეთ აეროპორტში, ანუ შემოვიდა საზღვრით, ჩვეულებრივი გზით, შესაბამისად, გეუბნებით რომ საზღვარზეც, ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის საქართველოს კანონმდებლობის სადარაჯოზე. რაღაც ახალი სენსაციის, ახალი პოლიტიკური სკანდალის შექმნა არ გამოვა. ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ მთავარი საკითხებიდან, რომელიც დღეს ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას აინტერესებს“,- განაცხადა თალაკვაძემ.