გამოჩნდა, რომ ოპოზიცია კარგად ხვდება თუ ვისთან აქვს დღეს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
შესაბამისი განცხადებით თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის 2-დღიანი მოხსენება შეაფასა.
როგორც მან განაცხადა, ქართული საზოგადოება არ მიიღებს იმ პოლიტიკურ პარტიას უკან ხელისუფლებაში, რომელმაც უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, ხალხს საკუთრება ჩამოართვა, დაარბია მედია და საქართველოში დაასამარა ევროპული ღირებულებები.
„ოპოზიციის ტონალობიდან და მათი ქცევიდან გამომდინარე ამ ორი დღის განმავლობაში, ცხადია უკვე, რომ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო პოლიტიკა მუშაობს, ამის მომსწრე ვართ დღეს ჩვენ და ამ რეფორმების სათავეში იდგა სწორედ ირაკლი კობახიძე. გამოჩნდა, რომ ოპოზიცია კარგად ხვდება, თუ ვისთან აქვს დღეს საქმე – პოლიტიკურ ლიდერთან, რომელმაც კარგად იცის შიდა საპარლამენტო პოლიტიკა და კარგად იცის პოლიტიკური პროცესები ოპოზიციაში. სწორედ, ამიტომ და ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლავთ, რომ მათ შეიცვალეს ტონი და დამოკიდებულება, თუმცა გარკვეული მიზეზები, კიდევ არსებობს, რასაც საზოგადოებას აუცილებლად ვეტყვით – ეს არის „ნაციონალური“ ბანაკის სრული დაცემა და კრახი, სადაც მისმა ლობისტებმა და პატრონებმა დაინახეს რეალობა, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით.
ქართული საზოგადოება არ მიიღებს იმ პოლიტიკურ პარტიას უკან ხელისუფლებაში, რომელმაც უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, ხალხს საკუთრება ჩამოართვა, დაარბია მედია და საქართველოში დაასამარა ევროპული ღირებულებები. ამიტომ ჩვენს თვალწინ ხდება ახალი პოლიტიკური ბანაკის ჩამოყალიბება, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე გენეტიკური კოდით, მაგრამ მას ევალება გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ამავე დროს დაამტკიცოს, რომ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო „ნაციონალური მოძრაობა“. ამით არის განპირობებული, რომ ერთი მხრივ, „ლელოს“ ბანაკი, მეორე მხრივ, „გირჩის“ და ხოშტარიას ბანაკი არის დაკავებული იგივე რადიკალიზმით, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟით და პროცესების დესტაბილიზაციით, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა“,- განაცხადა თალაკვაძემ.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან, ასევე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისთვის „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შეთავაზებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება არის წარსულში უკან გადადგმული ნაბიჯი და კიდევ უფრო მეტ გაუგებრობაში და პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა და გასაგებია, რაც ხდება. ამას ემატება სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, რომ ოპოზიციამ დაივიწყოს საკუთარი სახელები და გვარები, პარტიული იდეოლოგიები, პლატფორმები და ერთიან გაუგებარ ჯგუფად ჩამოყალიბდეს და ასე გაუწიოს ოპონირება სახელისუფლო პოლიტიკურ გუნდს. ეს თავისთავად არის ევროპული დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყანა მიდიოდა ევროპული პოლიტიკისკენ – როდესაც ქვეყანას მეტი არჩევანი აქვს პოლიტიკური პარტიების სახით. ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, არის წარსულში უკან გადადგმული ნაბიჯი და კიდევ უფრო მეტ გაუგებრობაში და პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს ამ კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას არ უნდა საკუთარი წარსული გაითვალისწინოს და არც მომავალს უყურებს.
„დღეს, რაც აქ მოვისმინეთ, ადამიანებმა, რაც იკადრეს, რა გამოსვლებიც ჰქონდათ და საერთოდ, სხვა ქურქი ჩაიცვეს. საკუთარი წარსული წაშალეს, ელემენტარული ადამიანის ღირსების ნიშნებიც კი ვერ გამოავლინეს. რა მოვისმინეთ? რას და ვის ემიჯნებიან? არ უნდათ, რომ აქ საკუთარი წარსული გაითვალისწინონ და არც მომავალს უყურებენ, იმიტომ, რომ ვინც საკუთარ წარსულს უღალატა – საკუთარ გუნდს ღალატობს, რა თქმა უნდა, მომავალში, არც ქვეყანას, არც საზოგადოებას, არც სხვა პოლიტიკურ გუნდს არ მოუნდება ასეთ ხალხთან პარტნიორობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძე ემიგრაციაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას სტრასბურგის სასამართლოში იმდენჯერ ჰქონდა მიგრაცია, რომ საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღონ ამ საკითხთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება მიგრაციას, თქვენ რომ სტრასბურგის სასამართლოში გქონდათ მიგრაცია, მარტო ეგ მიგრაცია გეყოფათ, რომ საერთოდ ხმა არ ამოიღოთ მიგრაციასთან დაკავშირებით. იმდენი ადამიანი წლიდან წლამდე მიდიოდა სტრასბურგში მარტო სამართლის მოსაძებნად, ეს გეყოფათ, რომ საერთოდ ხმა არ ამოიღოთ მიგრაციაზე.
ემიგრაციის რეკორდი გეკუთვნით თქვენ, კოლექტიურო „ნაციონალურო მოძრაობავ“! ეს არის 107 200 მოქალაქე – ერთ წელიწადში. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო დადებითი სალდო.
სწორი პოზიცია დააფიქსირა პრემიერობის კანდიდატმა, როცა თქვა, რომ ამ სფეროში ნამდვილად არის პრობლემები და ჩვენთვის ეს არის მტკივნეული საკითხი, ამაზე ნამდვილად გვაქვს სამუშაო“, – განაცხადა თალაკვაძემ.