არჩილ თალაკვაძე – ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და პოლიტიკური გუნდისთვის პოზიტიური გადაწყვეტილება – ის დაეხმარება ქვეყანას სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას იმ სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში, რომელზეც თავად ისაუბრა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ს ფაქტორი „ქართულ ოცნებას“, დაეხმარება კონსოლიდაციაში და იმ მნიშვნელოვანი გეგმებისა და მიზნების შესრულებაში, რისი პირობაც მმართველმა ძალამ საზოგადოებას მისცა.
„ეს იყო ძალიან პოზიტიური სიახლე მთელი საზოგადოებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ყოველთვის, მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მან ძალიან მკაფიოდ განმარტა ის საფუძველი და არგუმენტაცია, რაც იყო წამყვანი ამ გადაწყვეტილებისთვის, ანუ მან თქვა ძალიან მკაფიოდ, რომ დღეს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არის ოპოზიცია მოშლილი. ჩვენც არაერთხელ გვითქვამს განცხადებებში, რომ ოპოზიციამ დაკარგა თავისი დემოკრატიული ფუნქცია, რომ აკონტროლოს და ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და გადაიქცა მხარედ, რომელიც დეზინფორმაციით, დაპირისპირებითა და საზოგადოებრივ აზრზე ძალადობით ცდილობს თავის მიზნებს მიაღწიოს. ფაქტია, რომ ოპოზიციამ უარი თქვა თავის დემოკრატიულ როლზე და ის გადაიქცა ანტისაზოგადოებრივი და ანტისახელმწიფოებრივი პროცესის წამყვანად. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, პრობლემაა პოლიტიკური პროცესისთვის და იმ ფონზე, როცა წინ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანები, რეგიონში არის ასევე მომატებული რისკები და გამოწვევები, ბუნებრივია ეს არის მთავარი, თუმცა მთავარი არგუმენტები მაინც იყო, რაზეც ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის საქართველოს სტრატეგიული ამოცანები, ევროინტეგრაცია, პირველ რიგში, და საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში, შემდგომი ეკონომიკური პროგრესის და ზრდის უზრუნველყოფა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ეს ამოცანები იქნება მომავალშიც მიღწეული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
კითხვაზე ხელისშემშლელი ხომ არ იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის ივანიშვილის ფაქტორი, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციისთვის სახელმძღვანელო ციტატებია, რომელსაც ევროპარლამენტარების ნაწილი აჟღერებდა, მთავარი სათქმელი კი ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით თქვა.
„შესაძლებელია ოპოზიციისთვის სახელმძღვანელო ციტატები არის ის ციტატები, რომელსაც კუბილიუსი, ქალბატონი რასა და რამდენიმე ოპონენტი აკეთებდა ევროპარლამენტიდან, ეს არ არის საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის სახელმძღვანელო და ვერ გახდება სამაგალითო შეფასება. ეს არის ცალკეული პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, ამიტომ საბოლოო სიტყვა ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით თქვა, როდესაც მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, როდესაც შეფასებით ანგარიშში ითქვა, რომ საქართველო უნდა გახდეს წევრობის კანდიდატი და ჩვენ განვაგრძობთ გზას ევროინტეგრაციისკენ, სანამ საქართველო არ გახდება ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა თალაკვაძემ.