ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების ავტორი და ინიციატორები „ქართული ოცნების” დეპუტატებთან ერთად, „ხალხის ძალის“ წევრები არიან.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტების არსი და მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაა.
„ოპოზიცია დაკავებული უნდა იყოს არა იმით, რომ ქვეყნის განვითარებას შეუშალოს ხელი, ქვეყანა გააშავოს ან სხვადასხვა ქვეყნებსა და ორგანიზაციებში ქართველი ხალხის გასაშავებლად ირბინოს, არამედ უნდა იჯდეს აქ და ჰქონდეს ინიციატივები, რაც ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს მოემსახურება”, – განაცხადა გორდულაძემ იურიდიულ საკუთხთა კომიტეტის სხდომაზე.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ წევრები, რომელთაც პარლამენტში ოპოზიციის სტატუსი აქვთ, „ქართულ ოცნებასთან” ერთად, პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტების ავტორი და ინიციატორები არიან. მათ შორის არის პროექტი, რომელიც მედია მაუწყებლებს ეხება და მთელი რიგი მიმართულებით შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსში “სამშობლოს ღალატის” მუხლის დაბრუნება, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან არასამთავროვო ორგანიზაციების მონაწილეობის გაუქმება, ე.წ. ამერიკული FARA და ასე შემდეგ.
