არჩილ გორდულაძე – სახელმწიფოს ვალდებულებაა, საგამოძიებო უფლებამოსილებები დამოუკიდებელ ორგანოს ჰქონდეს – განა რა არის იმაზე უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ორგანო – საქართველოს პროკურატურა?!

სახელმწიფოს ვალდებულებაა, საგამოძიებო უფლებამოსილებები დამოუკიდებელ ორგანოს ჰქონდეს – განა რა არის იმაზე უფრო დამოუკიდებელი ორგანო, ვიდრე ეს არის საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ორგანო – საქართველოს პროკურატურა?! – ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე საუბრისას გააკეთა.
გორდულაძის თქმით, „ეს ნაკისრი [ევროკავშირთან ნაკისრი] ვალდებულება პირნათლად შესრულებულია“.
„კონსტიტუციით გათვალისწინებულ დამოუკიდებელ ორგანოზე უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხის მქონე ორგანო ვერც სხვა ქვეყანაში და ვერც საქართველოში ბუნებაში ვერ იარსებებს. კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ბრალმდებელი მხოლოდ პროკურორი შეიძლება იყოს. ბრალდების განმახორციელებელია პროკურატურა და შესაბამისად, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყება და სასამართლოში წარმომადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურას აქვს. ეს ასე იყო წარსულში, ასეა აწმყოში და მომავალშიც ასე იქნება.
რაც მთავარია, დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნება, რადგან ასეა გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.
ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მათ მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.
აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.
კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.
ცვლილება 20 კანონში შედის.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი და .

ასევე დაგაინტერესებთ