კითხვა იყო პროვოკაციული, რომელზეც დიპლომატს მხოლოდ ისეთი პასუხი შეეძლო რომ გაეცა, როგორიც გასცა – რომ თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ სხვა რეგიონში შესაბამისი რეაგირება იქნება, მაგრამ ასეთი ხელისუფლება საქართველოში არ არის, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება ჰყავს, რომლისთვისაც მთავარი დემოკრატიული პრინციპებია.
„როგორც „ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტი იტყოდა – ადამიანებმა ინგლისური და Google იციან, „დაგუგლონ“ და ინგლისურად მოუსმინონ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ თუ რომელიმე რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება არსებობს, ამერიკას მათზე რეაგირება ექნება. ამავდროულად, ჩვენ უნდა ვნახოთ, არის თუ არა საქართველოში ანტიამერიკული ხელისუფლება – არა, პირიქით, ჩვენი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან გვქონდეს თანაბარი, სწორუფლებიანი ურთიერთობა. მათ შორის, პროვოკაციული კითხვა, რომელიც ჯო უილსონმა დასვა, რომელიც საქართველოს მიმართ გამსჭვალულია ზიზღითა და სიძულვილით, რაც საქართველოს საწინააღმდეგო მტრული აქტის დაინიცირებით და არამხოლოდ ამით გამოიხატება. კითხვა იყო პროვოკაციული, რომელზეც დიპლომატს მხოლოდ ისეთი პასუხი შეეძლო რომ გაეცა, როგორიც გასცა – რომ თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ სხვა რეგიონში შესაბამისი რეაგირება იქნება, მაგრამ ასეთი ხელისუფლება საქართველოში არ არის. პირიქით, საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება ჰყავს, რომლისთვისაც მთავარი დემოკრატიული პრინციპებია, რომლის საფუძველი არის ღირსება, წარსული და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი”, – განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, „რას ნიშნავს საქართველოსთვის ის გაურკვევლობა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობაში იკვეთება“.
მისი შეფასებით, ზუსტად ამას ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილიც და “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებიც, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის მთავარია, პარტნიორთან ურთიერთობაში იყოს გაწერილი გეგმა თუ რა გეგმით, როგორ ახერხებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად სხვა ეტაპზე იყოს გადასული და კიდევ უფრო გაღრმავდეს.
„ზუსტად ეს გვინდა ჩვენ და როდესაც არის ღირებულებითი თანხვედრა, ყოველ შემთხვევაში ბატონი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული პოზიცია ღირებულებითად პირდაპირ თანხვედრაშია “ქართული ოცნებისა” და ქართველი ხალხის ღირებულებებთან, ამ დროს გასაკვირია, როცა პასუხებს და შესაბამის პოზიციას არ ვისმენთ. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ურთიერთობისთვის, მოწადინებული ვართ პარტნიორული ურთიერთობისთვის და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ როგორც დახურულ კარს მიღმა, ასევე ღიად და საჯაროდ. მათ შორის, საზოგადოებას ვაყენებთ საქმის კურსში, ღია წერილის გავრცელების ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო და როდესაც შესაბამისი გადმოდგმული ნაბიჯი იქნება, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. იმ ურთიერთობების, რომელიც “დიფ სთეითისგან” მართულმა წინა ხელისუფლებამ, ბაიდენის ადმინისტრაციამ და აშშ-ის წინა ელჩმა, მნიშვნელოვნად დააზიანა”, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
