არჩილ გორდულაძე – ითხოვენ, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, რითაც შესაძლებელი უნდათ გახადონ, ჩვენს ქვეყანაში „შავი ფულის“ ტრიალით რევოლუციის და დამხობის მცდელობის დაფინანსება

ითხოვენ, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, რითაც შესაძლებელი უნდათ გახადონ, ჩვენს ქვეყანაში „შავი ფულის“ ტრიალით რევოლუციის და დამხობის მცდელობის დაფინანსება – ამავდროულად, სურვილი აქვთ, გაუქმდეს კანონი, რომელიც სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას უზრუნველყოფს, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სტატუსი შესაძლოა დაკარგოს.
მისი თქმით, აღნიშნული კანონების გაუქმება „დიფ სთეითს“ გაუხსნის ხელს, რომ საქართველოში ისეთი პროპაგანდისტული პოლიტიკა შემოიტანონ, როგორიც არის, მაგალითად, სკოლასა და ბაღში იძულება, რომ სქესი შეიცვალონ“.
„მთავარი არის თუ რას ამბობენ, რაზეა დაყრდნობილი ვიზალიბერალიზაციის ქონა – ჩვენი გადმოსახედიდან და რეალობაც არის, რომ დაყრდნობილია სამართლებრივ დოკუმენტზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის დადებული. ნაკისრი ვალდებულებები ჩვენ ორმხრივად გვაქვს, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს. ჩვენ ჩვენს წილ ვალდებულებებს ვასრულებთ ზედმიწევნით. მეორე მხრივ, ითხოვენ, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, რითაც შესაძლებელი უნდათ გახადონ, ჩვენს ქვეყანაში „შავი ფულის“ ტრიალით რევოლუციის და დამხობის მცდელობის დაფინანსება. ამავდროულად, სურვილი აქვთ, გაუქმდეს კანონი, რომელიც სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას უზრუნველყოფს. ამავდროულად, მათ უნდათ, რომ მაგალითად არასრულწლოვანის დაცვის კანონმდებლობა გაუქმდეს და ამაზე აწყობენ თავიანთ ნარატივს. რატომ? – იმიტომ, რომ ამ კანონების გაუქმება „დიფ სთეითს“ გაუხსნის ხელს, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი პროპაგანდისტული პოლიტიკა შემოიტანონ, როგორიც არის, მაგალითად, სკოლასა და ბაღში იძულება, რომ სქესი შეიცვალონ. ამასთან დაკავშირებით თვითონ ევროკავშირში სავალდებულო დირექტივაც კი მიიღეს, რომ ამ პროპაგანდას ბაღებში გზა გაეხსნას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ „არარჩეული ევრობიუროკრატების ხელში ვიზალიბერალიზაცია ერთადერთი დარჩენილი იარაღია საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის განსახორციელებლად“.
მისი თქმით, „ვიზალიბერალიზაცია ბოლო ტყვიაა ევრობიუროკრატების მჭიდში“.
„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ზეწოლის იარაღსაც დაკარგავენ. საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მოპოვებული შესაძლებლობაა, რომელიც დამყარებული იყო და არის ნაკისრ ვალდებულებებზე, რომელსაც ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებს. მთელი რიგი ვალდებულებები შესრულებული გვაქვს. ერთადერთი, რასაც ჩვენ არ ვასრულებთ, ევრობიუროკრატიის ის მცდელობებია, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ხელები აფათურონ, რის საშუალებასაც არ ვაძლევთ. სწორედ ამიტომ, ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც არარჩეული და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ კორუფციაში მხილებული ბიუროკრატები აკეთებენ, რომელთა უკან ის ძალები არიან, რომელთა მიზანი პროქსი ომების წარმოებაა”, – განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ევროკომისია ასკვნის, რომ “საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის”. ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის. მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია).

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი: „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში