არჩილ გორდულაძე – ევროკომისიის მიერ დასახელებული მოთხოვნები თითიდან გამოწოვილი საფუძვლებია, რათა ქართველ ხალხს დააჯერონ, რომ საფრთხე ექმნება თავისუფალ მიმოსვლას

ეს არის თითიდან გამოწოვილი საფუძვლები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, ქართველ ხალხს დააჯერონ, რომ საფრთხე ექმნება თავისუფალ მიმოსვლას. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ ბრალი და ახლა კეთილი ინებეთ და „ქართული ოცნება“ შეცვალეთო. შანტაჟიც აღარაა, ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც გაწერილია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდეს.
მისივე თქმით, „ევრობიუროკრატიამაც ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების უკან წამღები „ქართული ოცნების“ გუნდი და ქართველი ხალხი არ არის“.
„შეუძლებელია ერთ სიბრტყეზე იყოს დაყენებული „ოჯახური ღირებულებების კანონი“, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა, არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, არ შეიძლება ბიოლოგიურისგან განსხვავებული ე.წ. სქესის თუ გენდერის ჩანაწერის გაკეთება ოფიციალურ დოკუმენტებში. ეს ღირებულებები არის ჩვენი, ქართული იდენტობის ამსახველი. ამავდროულად ჩვენ გვაქვს „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც, ისევ და ისევ, ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი და მეორე მხარს გვაქვს მოცემულობა ადამიანები დადგნენ თუ არა რიგში რამდენიმე დღის განმავლობაში იმისთვის, რომ იმგზავრონ ევროკავშირში. ამ ორი მოცემულობის ერთ სიბრტყეში დაყენება წარმოუდგენელია. მათ შორის, ევრობიუროკრატიამაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების უკან წამღები „ქართული ოცნების“ გუნდი და ქართველი ხალხი არ არის.
მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს წერენ და გვაშანტაჟებენ იმიტომ, რომ ერთი მიზანი აქვთ – მოდის და აქვთ სურვილი, რომ როგორმე მუხტი აიწიოს და ისევ და ისევ აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, რომ იქნებ როგორმე შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ „ნაცები“ ხელისუფლებაში.
იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადამიანი დასაქმდეს, ამისთვის საჭიროა სამუშაო ვიზა. სხვა შემთხვევაში დასაქმება კანონიერი გზით შეუძლებელია. რაც სწავლისთვისაც საჭიროა ვიზის აღება. უვიზო მიმოვლა ეხება ტურისტული მიზნით გადაადგილებას. სხვადასხვა ადამიანები შეიძლება ამას სხვადასხვა ფორმით იყენებდნენ, მაგალითად, ნახევარ განაკვეთზე საქმიანობისთვის. იყო განცხადებები სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით. არანაკლები სამედიცინო მომსახურების მიღება სხვაგანაც შეიძლება და უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო თავად ეხმარება ბიუჯეტიდან ადამიანებს, რომ ის ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება, სხვა ქვეყანაში ჩატარდეს და ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან იყოს დაფინანსებული. ჩვენ დავიმსახურეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა ეს საკითხი, ახლა რომ ყელმოღერებული საუბრობენ თავისუფალ მიმოსვლაზე. ეს არის თითიდან გამოწოვილი საფუძვლები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, ქართველ ხალხს დააჯერონ, რომ საფრთხე ექმნება თავისუფალ მიმოსვლას, ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ ბრალი და ახლა კეთილი ინებეთ და „ქართული ოცნება“ შეცვალეთო. შანტაჟიც აღარაა, ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, რომელსაც საფუძვლად უდევს აბსოლუტური ნონსენსი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.