ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირი, საერთოდ აღარ არის ნასახიც კი ევროპულობის – ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთმანეთთან საპირისპირო მხარეს დააყენებს ევროპას და რომელიმე კანონს, რომლის არსებობაც ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ჩანასახშივე ერთი დიდი ბლეფია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი გავლენის ქვეშ არის მოქცეული და გადაწყვეტილებების მიღება „დიფ სთეითის“ დაკვეთით ხდება.
ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ ევროპელი სტრუქტურების მიმართ ქართველი ხალხის ნდობა იკლებს.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირი, საერთოდ აღარ არის ნასახიც კი ევროპულობისა და იმ იდეალებისა, რომლის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი პირდაპირ არის გავლენის ქვეშ და გადაწყვეტილებების მიღება ხდება ზუსტადაც რომ იმ გლობალური ძალების დაკვეთით, რომელსაც აქვს უდიდესი გავლენა და რომელსაც „დიფ სთეითს“, „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ ხოლმე. ქართველ ხალხს არჩევანი გაკეთებული აქვს და ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთმანეთთან საპირისპირო მხარეს დააყენებს ევროპას, ევროპულობას, ევროკავშირს და რომელიმე კანონს, რომლის არსებობაც ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის არის უმნიშვნელოვანესი, უკვე ჩანასახშივე არის ერთი დიდი ბლეფი და მიზნად ისახავს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის განხორციელებას,“ – განაცხადა გორდულაძემ.
