არჩილ გორდულაძე – გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაცაა – ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი დარღვევა და თავი გააკონტროლონ

ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი ქმედება, მათი დარღვევა და პირველ რიგში, თავი გააკონტროლონ! – დაიმახსოვრონ, რომ ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება! – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას გამოეხმაურა.
გორდულაძემ ამ კონტექსტში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საელჩოებიც გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, „გარედან დაფინანსებული, პირდაპირ დავალებამიღებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს მათ პასუხისმგებლობასთან ერთად, დონორების პასუხისმგებლობაც არის“.
„დაინტერესებული ჟურნალისტები აკეთებენ განცხადებებს და სვამენ კითხვებს იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანების შეურაცხყოფას, მათზე გადაკიდებას და ლანძღვა-გინებას ეხება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში, სოციალურ ქსელში – პლატფორმა X-ზე გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ გაკეთდა და რომელსაც მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდეს, ამ განცხადების გამო 58 წლის მამაკაცი პასუხისგებაში მიეცა და მის მიმართ ჯარიმა იქნა გამოყენებული.
რაც დასაშვებია გერმანიაში, თურმე აკრძალული უნდა იყოს საქართველოში – ადამიანი ადამიანია გერმანიაშიც და საქართველოშიც. ადამიანის უფლებები გერმანიაშიც არის დაცული და საქართველოშიც უნდა იყოს დაცული!
გარედან დაფინანსებული, პირდაპირ დავალებამიღებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს მათ პასუხისმგებლობასთან ერთად, დონორების პასუხისმგებლობაც არის, რომელთაც ამ პასუხისმგებლობის აღება საერთოდ არ უნდათ. ხშირად წამქეზებლები უფრო არიან! ვერც ერთ დონორს, ვერც ერთ საელჩოს წარმომადგენელს, ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი ასოებით ადამიანის უფლებების დაცვა რომ უწერიათ წესდებებში, ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ. არად დაგიდებენ არც ბავშვის, არც ქალის და არაც მამაკაცის უფლებებს, მაგრამ სხვა ადამიანების შეურაცხყოფებით კი არიან კარგად გამორჩეულები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათ დაჯარიმებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოპალეიშვილი – კოალიციის სამი ლიდერის გისოსებს მიღმა ყოფნა ნამდვილად რთულია, მაგრამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მხნედ ვართ – მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ლიდერებთან იქნება შეთანხმებული