არჩილ გორდულაძე – გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საკანონმდებლო სივრცე ისე იყოს მოწესრიგებული, რაც საჭიროა სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს თავმოყვარეობა – დამთავრდა ის დრო, როცა ქვეყანაში თარეშობდნენ “გლობალური ომის პარტიის” თუ “დიფ სტეიტის” წარმომადგენლები

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საკანონმდებლო სივრცე ისე იყოს მოწესრიგებული, რომელიც საჭიროა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს თავმოყვარეობა და გააჩნია უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ხალხის კარნახით და არა გარედან მიღებული კარნახით, თითის ქნევისა თუ შანტაჟის საფუძველზე , – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკომიტეტო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, აქციის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აძლევენ დავალებებს, კანონის გამკაცრების შემდეგ კი თუ დავალების მიმღები ადამიანები მაინც გააგრძელებენ “ორგანიზებულ დანაშაულს”, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
“როგორც ყველამ იხილეთ, “ქართული ოცნების” გუნდის გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი კიდევ ერთხელ უფრო გაძლიერებული იყოს, იმისათვის, რომ ლიბერალურ ფაშიზმს არ ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ფესვები გაიდგას ქვეყანაში და ყველა ის საკითხი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის სახელით, სამწუხაროდ, გამომდინარე სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზიდან, ასახული იყოს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საკანონმდებლო სივრცე ისე იყოს მოწესრიგებული, რომელიც საჭიროა არის სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს თავმოყვარეობა, რომელსაც გააჩნია უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ხალხის კარნახით და არა გარედან მიღებული კარნახით, თითის ქნევისა თუ შანტაჟის საფუძველზე.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, მათ შორის, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც საკუთარ თავს პროტესტის მქონე ადამიანებს უწოდებენ, დამოუკიდებელს და თავისუფალს, მაგრამ, შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ თავიანთ მთავარ ჯგუფებში, როგორიც არის, მაგალითად, “დაიტოვე”, რომელშიც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი არის გაწევრიანებული, ხდება ხოლმე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან დავალებების მიცემა, რაზეც მერე ვხედავთ ხოლმე, რომ არის პროვოკაციები, დაგეგმილი და ორგანიზებული ძალადობები, რომელიც ჩვენს ქუჩებში არის. საკანონმდებლო ცვლილება ხდება იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს და ვინც გადაწყვეტს, ეს კანონი მაინც დაარღვიოს, რა თქმა უნდა, მათ მიმართაც კანონი იქნება სრული სიმკაცრით ამოქმედებული.
ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ექნებათ საშუალება, წარდგნენ სამართლიანი სასამართლოს წინაშე, დაიცვან თავიანთი უფლებები”, – განაცხადა გორდულაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება, რადგან ჩვენს ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს. გორდულაძის განმარტებით, არ არის იმის დრო, “ლიბერალური ფაშიზმის მძვინვარებას” უყურონ.
მისივე თქმით, “გლობალური ომის პარტიისა” და “დიფ სტეიტის” წარმომადგენლები საქართველოში ვეღარ ითარეშებენ.
“ცვლილებები 8 კანონში შედის. კანონპროექტების განხილვა მოხდება დაჩქარებული წესით იმიტომ, რომ დრო არ ითმენს. ნამდვილად არ აქვს ჩვენს ქვეყანას იმის დრო, რომ დაელოდოს, სანამდე იქნება ლიბერალური ფაშიზმის მძვინვარება ჩვენს ქვეყანაში. დამთავრდა ის დრო, როცა ჩვენს ქვეყანაში თარეშობდნენ “გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლები თუ “დიფ სტეიტის” წარმომადგენლები, მათი დავალების შემსრულებელი ჯაშუშები თუ მათ მიერ ორგანიზებული კამპანიები.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადამიანების უფლებები იყოს დაცული, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა იყოს დაცული, საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული და ამავდროულად, ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ