ბატონმა ანიტამ, უკაცრავად, ბატონმა ლევან ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს და რაც უფრო მეტ განცხადებას გააკეთებს, კიდევ უფრო მეტად სასაცილო გამოჩნდება საზოგადოების თვალში – საინტერესოა, კორუფციას რომ „ებრძვის“, 200 ათასი საიდან იშოვა? – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართვას ძალოვანი უწყებების მიმართ.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილი „კომიკური ადამიანია“.
„ისე, საინტერესოა, კორუფციას რომ „ებრძვის“ ლევან ხაბეიშვილი, 200 ათასი საიდან იშოვა? რა მანქანებით იპოვა და როგორ აპირებს ამ ყველაფრის მოძიებას. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, შეიძლება ნატურით გადაიხადოს. ალბათ, აქვს მიღებული რაღაც ქონებები მაშინ, როდესაც კეზერაშვილის ხელდასმით იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ე.წ. თავმჯდომარე. კომიკური ადამიანია და ზოგადად, ამ ადამიანზე ასე სერიოზული განცხადების გაკეთებაც შეუძლებელია. ბატონმა ანიტამ, უკაცრავად, ბატონმა ლევან ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს და რაც უფრო მეტ განცხადებას გააკეთებს, კიდევ უფრო მეტად სასაცილო გამოჩნდება საზოგადოების თვალში“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამასთან, გორდულაძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას, რომელიც მან Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. გორდულაძის თქმით, მისი განცხადებები „ქართულ ოცნებაზე“ კატეგორიულად მიუღებელია“.
„ბატონ მეთიუ ბრაიზამ, როდესაც სიტყვა „მარიონეტს“ ახსენებს, სარკეში ჩაიხედოს და პირი გამოირეცხოს, როდესაც საქართველოზე განცხადებას გააკეთებს. ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით და თავისი განცხადებებით ხელს უწყობდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის დროს, ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო. მათ შორის, ეს არის ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია იყო აყვავებული და მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო. ეს ადამიანი აკეთებს ახლა „ქართულ ოცნებაზე“ და მის ჯარისკაცებზე განცხადებებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთი მაგალითია, რომ „დიფ სტეიტს“ ყველა თავისი აგენტი ჰყავს ჩართული, რომ საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლოს, გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომლებიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ბატონ მეთიუ ბრაიზას მოვუწოდებ, რომ როდესაც სიტყვა „მარიონეტს“ იტყვის, სარკეში ჩაიხედოს და პირველ რიგში, თვითონ დაინახავს მარიონეტს“,- განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მიმართავს ძალოვანი უწყების, მათ შორის გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების გარშემო გაერთიანდნენ, ხოლო ის სამართალდამცველები, რომლებიც „იარაღს არ ისვრიან“, ჯილდოს სახით 200 000 დოლარს მიიღებენ. „ყველამ, ვინც ხალხის დარბევაში მონაწილეობას არ მიიღებს, ჯილდოდ უნდა მიიღოს 200 000 დოლარი. დაიმახსოვრეთ, 200 000 დოლარს ჯილდოს სახით მიიღებს ყველა, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს არ ისვრის. დააგდეთ ეს გაზის იარაღი, 200 000 დოლარს სახელმწიფო, როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა, ბიძინა ივანიშვილის კანტორა, [გადმოგეცემათ]. 50 იქნებით, 50-ივეს [გადმოგეცემათ]. ამ ფულს საიდან მოვიტანთ? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური, ძმებო, ხომ გესმით, რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
