აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ უნდა თქვან?! სათქმელი რომ არაფერი აქვთ, უტოპიაში გადავიდნენ – ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია! – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განუცხადა.
როგორც გორდულაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიცია აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობს და თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს.
“როცა იმაზე საუბრობენ, რომ არჩევნებში ბიულეტენმა გაჟონა და ხმის ფარულობა დაირღვა, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები არსებობდეს?! არასერიოზულია! ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში არიან, მათ სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ. ზოგადად პაატა ბურჭულაძეს ასეთი განცხადებები სჩვევია“, – განაცხადა გორდულაძემ.
არჩევნები ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები.
“ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
