ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრე დე კროო არჩევნებში მისი პარტიის მარცხის გამო გადადგა. ის დროებით პრემიერმინისტრად ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე დარჩება.
“ჩვენთვის ეს განსაკუთრებით რთული საღამო იყო, ჩვენ წავაგეთ. […] დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი მთავრობა სწრაფად, სრული უფლებამოსილებით… ამომრჩეველთა გზავნილი ნათელია,” – განაცხადა დე კროომ.
დე კროოს პარტიამ “Open VLD” არჩევნებში ხმების 5.7% მიიღო, რაც 2019 წლის შედეგებთან შედარებით 2.8%-ით ნაკლებია. პრემიერის გარდა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დე კროოს პარტიის პრეზიდენტმა, ტომ ონგენამაც მიიღო.
8 მილიონზე მეტმა ბელგიელმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, რათა ხმა მიეცათ თავიანთი რეგიონალური და ეროვნული წარმომადგენლებისთვის და ევროპარლამენტის წევრებისთვის ახალ ევროპარლამენტში.