“ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებები შეაქვს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა საარჩევნო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს და ამას ქართული პასპორტის მქონე ვერცერთი ადამიანი ვეღარ შეძლებს. უკვე ტრადიციად იქცა რომ კანონმდებლობა პარლამენტში ისე მტკიცდება, რომ აზრსაც არავის ეკითხებიან და “ქართული ოცნების” დეპუტატები კითხვებს ფორმალურადაც აღარ სვამენ.
არჩევნების კონსტიტუციით განსაზღვრულ თარიღამდე ორი წელი დარჩა. ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ ივანიშვილის პარტია ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის არ ემზადება, მაშინ რატომ შეაქვს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ასე ადრე. თუმცა მაშინ, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი ციხეშია, ოპოზიციურ პარტიებს კი ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება, მარტივი გამოსაცნობია რა შეფასება შეიძლება მოყვეს, ასეთ ფონზე ჩატარებულ არჩევნებს.
სულ ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ” ემიგრანტებს, საზღვარგარეთ, ხმის მიცემის უფლება წაართვა. შეზღუდა ადგილობრივი დამკვირვებლების უფლებები, დამკვირვებელს ფაქტობრივად უბანზე მისული ამომრჩევლის ვინაობის და მისი პირადობის მოწმობის შემოწმების უფლებაც ერთმევა, მაშინ, როდესაც წინა არჩევნებზე სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ხალხი ვინც არჩევნებს წლებია აკვირდება აცხადებს, რომ არჩევნებზე დაკვირვება ისეთი რთული იქნება, როგორც არასდროს.




