ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტი მილიარდერი ანდრეი ბაბიში და მისი პარტია ANO იმარჯვებს.
ბაბიში დებს პირობას, რომ უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს, ოპონირებას გაუწევს ნატოს გეგმას გაზრდილ სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით და არც ბრიუსელთან დაპირისპირებას მოერიდება მწვანე პოლიტიკის შეთანხმებაზე.
ბაბიშმა და მისმა პარტიამ, წინასწარი შედეგების მიხედვით, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში. „ეს ვითარება ჩეხეთს მორიგ თავის ტკივილად აქცევს ევროკავშირისთვის“, — წერს გამოცემა „პოლიტიკო“.
შაბათ საღამოს საარჩევნო უბნების 98%-ის დათვლის შედეგად მიღებული მონაცემებით, ANO 35 პროცენტით ლიდერობს.
„ბედნიერი ვარ“, — განუცხადა ბაბიშმა ჟურნალისტებს.
მეორე ადგილზე 23%-ით არის წარმოდგენილი მოქმედი პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია. 11%-ით მესამე ადგილზე გავიდა პარტია STAN-ი, რომელიც ამჟამინდელი მმართველი კოალიციის წევრია. მათ მეოთხე ადგილზე მოსდევენ ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკოსები „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ (SPD) 8%-ით. მმართველი კოალიციიდან ერთი წლის წინ გასულმა კიდევ ერთმა პარტიამ აიღო 8% და მეხუთე ადგილზე გავიდა.
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში სიურპრიზად ითვლება მემარჯვენე პოპულისტი პარტიის, „მოტორისტები საკუთარი თავისთვის“, პარლამენტში შესვლის რეალური პერსპექტივა, დაახლოებით 7%-იანი შედეგით არჩევნებზე.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ თუ მემარჯვენე მილიარდერი ხელთ იგდებს ძალაუფლებას, ჩეხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთ თავის ტკივილად იქცევა ევროკავშირისთვის, ვიქტორ ორბანის უნგრეთთან და რობერტ ფიცოს სლოვაკეთთან ერთად.
ბაბიში ამ მონაცემებით 200-კაციან ქვედა პალატაში უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და მას საპარლამენტო მხარდაჭერა დასჭირდება მთავრობის ფორმირებისთვის. ქვეყნის მთავარმა პარტიებმა გამორიცხეს ბაბიშთან თანამშრომლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაბიშს ექსტრემალური ზომებისთვის მიმართვა მოუწევს. მის სავარაუდო პარტნიორებად მოიაზრებიან ულტრამემარჯვენე „მოტორისტები საკუთარი თავისთვის“ — მეხუთეადგილოსანი პარტია 7%-ით და STAN – მესამეადგილოსანი პარტია 11%-ით.
ბაბიშმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბება, რომელსაც SPD და მოტორისტები დაუჭერენ მხარს.
ბაბიშის წინასაარჩევნო დაპირება იაფი ენერგია, მაღალი პენსიები და „უკრაინაზე წინ ჩეხეთის ინტერესების დაყენება“ იყო. მის პოპულისტურ განცხადებებს ხშირად ადარებდნენ ტრამპის განცხადებებს.
2017 წლიდან 2021 წლამდე ბაბიში უკვე იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი. 2023 წელს პრეზიდენტობაზეც იყრიდა კენჭს, მაგრამ არმიის გენერალ პეტრ პაველთან წააგო.
ბაბიშს კარგად იცნობს ბრიუსელი. დიდი ხანია მიმდინარეობს საქმე, სადაც მის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ ევროკავშირისგან 2 მილიონი ევრო, სუბსიდიები, რაც საშუალო ზომის ბიზნესებზე იყო გათვლილი მოტყუებით მიითვისა თავისი აგრარული იმპერიის, „აგროფერტისთვის“.
ბაბიში ბრალს უარყოფს და დაჟინებით ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
