არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ცესკოს შემაჯამებელ ოქმისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საია ასევე ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან. მათ შორის, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაში მონაწილეობა, პარლამენტისთვის არჩევნების შედეგების შეტყობინება და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიისთვის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა.
საჩივარში დამატებით მოთხოვნილია საქმეზე სამართალწარმოების შეჩერება საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც შეეხება არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
19 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა არ დააკმაყოფილა სამი პარტიისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებდნენ – ითხოვდნენ შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით ორი სარჩელია შესული საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ერთის ინიციატორია საქართველოს პრეზიდენტი, მეორის კი პარლამენტის 30 წევრი.
საკონსტიტუციო სარჩელის მიზნად მმართველ პარტიაში “ხალხის მოტყუებას” ასახელებენ. როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა 19 ნოემბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სარჩელის “თვითმიზანიც ეს არის, მიზანიც და რაღაც მანიპულაციები, რომელიც ქუჩაშია გადატანილი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.
ცესკოს საბოლოო შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში, 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.
ფორუმი