არჩევნების ფონზე უძრავი ქონების ყიდვაზე მოთხოვნა შენელდა

უძრავი ქონების ბაზარზე ბინის ყიდვაზე მოთხოვნა შემცირდა, მიზეზი წინასაარჩევნო პერიოდია. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი BM.GE-თან აცხადებს, რომ მოთხოვნის შემცირება წინასაარჩევნო პერიოდისთვის ბუნებრივია და ის სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასტაბილურდება.
მისივე შეფასებით, დეველოპერულ ბიზნესს გაყიდვების სტიმულირებისთვის კონკრეტული აქტივობების განხორციელება მოუწევს, მათ შორის ფასის მცირედით შემცირება, რადგან ამ კუთხით დიდი რესურსი გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე არ არსებობს.
“ზაფხული ის სეზონია, როცა მოთხოვნა არის ყოველთვის შემცირებული, იმიტომ რომ მომხმარებლებს სხვა პრიორიტეტები აქვს ზაფხულისთვის და უძრავი ქონების ბაზარიც შენელებულია. რაც შეეხება სექტემბერს, არსებობდა მოლოდინი, რომ უფრო აქტიურად დაიწყებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია არჩევნების ფაქტორი, ეს მსოფლიო ტენდენციაა რომ მსგავსად შენელდეს ბაზარზე სიტუაცია, განსაკუთრებით უძრავი ქონების მიმართულებით. რეალურად სანერვიულო ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, არაფერია.
გაყიდვების სტიმულირების სხვადასხვა მეთოდები არსებობს, ერთ-ერთი ფასების ჭრილში შეიძლება განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, ბაზარზე არიან დეველოპერები, რომლებიც ფასებზე მოახდენენ გავლენას და შეცვლიან, სავარაუდოდ შეამცირებენ. ასევე შეიძლება განსაკუთრებული საჩუქრები ან აქტივობები გამოიყენონ, რომ უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურდეს,”- ამბობს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი.