„არჩევნების მიუხედავად, ჯავშნებს ჩვეულებრივად ვიღებთ, შემოდგომის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს“ – Crowne Plaza Borjomi

“მოახლოებული ს მიუხედავად, Crowne Plaza Borjomi-ში ჯავშნების გადადება თითქმის არ ხდება, სტუმრებს ჩვეულებრივად ვმასპინძლობთ, აქტივობა ისეთივეა, როგორც შემოდგომაზე, სხვა შემთხვევებში არის ხოლმე. ზამთრისთვის ვემზადებით,”-ამის შესახებ Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ავთანდილმა წურწუმიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
“მოგეხსენებათ რეგიონი ცოტა სპეციფიკურია, თუმცა, ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, გარე ფაქტორები, თუ ეს არ არის ისევ პანდემია და სხვა გლობალური საკითხები, ჩვენზე უარყოფითად არ ისახება.
წინასაარჩევნოდ ვერ ვიტყვი რომ ჯავშნებმა იკლო, მსგავსი არ დაფიქსირებულა. იყო ორი აზიური ჯგუფის მიერ სტუმრობის გადადება, რადგან მაინც ელოდებიან როგორ დასრულდება არჩევნები, როგორი სიტუაცია იქნება, თუმცა, მსგავსი შემთხვევა ბევრი არ გვქონია,”-აცხადებს წურწუმია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის აქტივობის მაჩვენებლებს, მისი ინფორმაციით, სასტუმრომ მიმდინარე ზაფხულს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10-20%-ით მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.
„ბორჯომში ზაფხულის სეზონი ყველაზე აქტუალურია, გამართლდა ის მოლოდინები რაც გვქონდა. დატვირთულობა საკმაოდ მაღალი იყო. დაახლოებით 80%-ს უცხოელი სტუმრები წამოადგენდნენ, დანარჩენი კი ადგილობრივი ვიზიტორი იყო“,-აცხადებს წურწუმია.
რაც შეეხება ქვეყნებს, შეკვეთებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ შუა აზიის ქვეყნები, ყაზახეთის, გაერთიანებული საამიროების ქვეყნებიდან სტუმრები, ასევე ჩინეთიდან, ტაილანდიდან. სასტუმრომ უმასპინძლა ინდოეთის რამდენიმე ჯგუფსაც.
„Crowne Plaza Borjomi 5 ვარსკვლავიანი, საკმაოდ მაღალბიუჯეტური სასტუმროა, შესაბამისად, მოცულობით ბევრი ჯგუფი არ გვყოლია, თუმცა, ვინც იყვნენ – მაღალმხარჯველუნაირიანები. ჩვენთვის ეს ტენდენცია მისაღებია, მოცულობაზე ორიენტირს ასე გვირჩევნია,“-აცხადებს ავთანდილ წურწუმია.
Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ზამთრის სეზონისთვის არსებულ ჯავშნებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას რამდენიმე უცხოური ჯგუფისგან ჯავშანი მიღებული აქვს, თუმცა, ზოგადად, ბოლო პერიოდში ამ მხრივ კულტურა შეიცვალა და მომხმარებელი ჯავშანს რამდენიმე კვირით ადრე აღარ აკეთებს.
ცნობისთვის, Crowne Plaza Borjomi საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტზე, ქალაქ ბორჯომის შუაგულში მდებარეობს. სასტუმროს შენობა მთებს შორის, ისტორიული პარკის მიმდებარედ, მდინარის პირას დგას და 100-ზე მეტი სტუმრისთვის კეთილმოწყობილ სივრცეს ქმნის.
სასტუმროში 2400 კვადრატული მეტრი გამაჯანსაღებელ ცენტრსა და სპას უჭირავს; ამასთანავე, Crowne Plaza-ს საკონფერენციო დარბაზები, ორი რესტორანი, ღვინის ბარი, ლობი და ლაუნჯ კლუბიც აქვს.