5 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებია და ქვეყანა რიგით 47-ე პრეზიდენტს ირჩევს.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია, ხოლო რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობისთვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი იბრძოლებს.
ცნობილია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებიც – ტრამპმა ამ თანამდებობისთვის ოჰაიოს სენატორი, ჯ.დ. ვენსი შეარჩია, ხოლო კამალა ჰარისმა – მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი. ამასთან, ამომრჩევლები კონგრესის წევრებსაც აირჩევენ.
არჩევნების დღის წინ ათობით მილიონმა ამომრჩეველმა ვადამდელი ხმის მიცემის პროცესში მიიღო მონაწილეობა – ნაწილმა საკუთარი არჩევანი ფოსტით დააფიქსირა, ნაწილმა კი ხმა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე მისცა.
