პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, ერთად უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნების პირობები, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, აუციელებლია არჩევნების დაცვის გეგმა წარმოვადგენა, როცა ევროკავშირიდან ტექნიკური მისია ჩამოვა.
მისი თქმით, საკონსტიტუციოს სარჩელის იქით, აქვთ მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომელიც ასევე კონსტიტუციური მოთხოვნაა.
„როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა, ერთადერთი სტაბილური, მშვიდობიანი გზა, რაც არსებობს მსოფლიოში, არის ახალი არჩევნები. არავის გამოუგონია სხვა რამე, ყველა სხვა გზა მიდის ფრუსტრაციისკენ და უფრო მეტი არასტაბილურობისკენ. თუ გვინდა, რომ ჩვენ, ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე მის მოსახლეობას საშუალება უნდა მივცეთ, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა, ამით დაწყნარდეს და ხელახლა გამოხატოს თავისი ნამდვილ ნება გაყალბების გარეშე. ამისთვის ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ და დღეს, ესეც ითქვა, რომ ყველამ და პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, ერთად უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში და გაყალბების იგივე ბერკეტები არ მივცეთ. ანუ არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული ნაბიჯი გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს დაცული იყოს რეალურად ეს არჩევნები. ამაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ არჩევნების დაცვის ეს გეგემა წარმოვადგინოთ, თუნდაც, როცა ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მზადდება “, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
აქციის დაკავებული მონაწილეების დასახმარებლად სპეციალური ფონდი იქმნება. პრეზიდენტის თქმით, სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორც არის, არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. დღესვე სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას აუწყა, რომ ეროვნული თანხმობა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მედიაციით შედგა.
ცნობისთვის “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს ჩანიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც კი არ არსებობს, რადგან სამოქალაქო პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც „არ მომხდარა ბუნებაში“.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო თავის საქმეს მაინც გააგრძელებს, რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირმა კი მოლაპარაკებები უნდა ახლა გახსნას, უნდა – მოგვიანებით.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ მზადაა ხვალვე მოაწეროს ხელი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ ევროკავშირი შესაბამის ნებას გამოიჩენს.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ “კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას”. ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ანტიდასავლურ კურსს გაემიჯნა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილიც.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს “ახალგაზრდა ადვოკატები”.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, “საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან” და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების ესკალაციას პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.