„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა ამომრჩევლის დარწმუნება და რიგი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო „შემოგდებული“.
„მთელ პერიოდს, რაც გადავიარეთ, კარგი ანალიზი სჭირდება. შეცდომებს აღიარება სჭირდება. ჩვენი შეცდომა იყოს ის, რომ ხალხი ვერ დავარწმუნეთ, მოსულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. რა თქმა უნდა, სხვა ბევრი შეცდომაც იყო. ხელიდან გაშვებული შანსი იყო, თბილისი შეგვეძლო ულაპარაკოდ მოგვეგო, რომ არ ყოფილიყო ვიღაც ჩანერგილი, ვიღაც ზედმეტად გახურებული. სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო.
შეცდომა იყო არჩევნებზე არ მისვლა. შეცდომა იყო ორი თვის წინ დაანონსებული რევოლუცია. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ 4 ოქტომბერს რომ არ დაგეგმო რევოლუცია, 6-ში დაგეგმე… ავანტიურას უნდა ერქვას ავანტიურა. ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა, ძალიან კარგად იყო მოფიქრებული და დაგეგმილი ავანტიურა. ეს იყო ზუსტად რუსული სპეცოპერაცია – არ წახვიდეთ არჩევნებზე და მოდით რუსთაველზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.




