არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში | საგარეოს პასუხი ოპოზიციას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გეგმაში უკვე გაწერილია, რომელიც გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა.
ასე სამინისტრო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ენმ-ის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სამინისტროს მოუწოდა, არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად მოეწვია.
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც დამტკიცდა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნომერს და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე. გეგმაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება მიმართავს ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება,” – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამ თემის შესახებ ბრიფინგი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში დღეს გამართეს.