არჩევნებამდე ლარს საფრთხე არ ემუქრება – კურსის პროგნოზი არჩევნების შემდეგ

საარჩევნო თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113 მილიონზე მეტი დოლარი გაყიდა. ოქტომბერში განხორციელებული ინტერვენციების მიზანი საარჩევნო მოლოდინის განეიტრალებაა. ალბათ სებ-ს ბაზრისთვის დოლარის კიდევ მიუწევს და ეს არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში გამოჩნდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს რიგით მეხუთე და ყველაზე მსხვილი ინტერვენცია 16 ოქტომბერს განახორცილეა. სებ-მა ბაზარზე 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც თითქმის 65 მილიონი დოლარის ათვისება მოხდა.
„სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია”, – წერია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რაც შეეხება წელს რიგით მეოთხე, თუმცა საარჩევნო თვეში პირველ ინტერვეციას, იგი 8 ოქტომბერს განახორციელდა. მაშინ, სებ-მა ბაზარზე 60 მილიონი დოლარი გამოტანა და 48.5 დოლარი გაიყიდა.
ჯამში, ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში113.4 მილიონი დოლარი გაყიდა. მნიშვნელოვანია გარემოებაა ის, რომ განხორციელებული ბოლო ინტერვენცია ბაზარზე გამოტანილი რეკორდულია. აქამდე სებ-ის ინტერვენციის მაქსიმალური ოდენობა 60 მილიონი დოლარი იყო.
საბანკო სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ორივე ინტერვენციის მიზანი საარჩევნო მოლოდინის განეიტრალებაა. როგორც ექსპერტმა გოჩა თუთბერიძემ აღნიშნა, აღნიშნული ნაბიჯი სებ-მა ლარის სტაბილურობისთვის გადადგა.
„ცხადია ბაზარზე რეზერვების გამოტანა საარჩევნო მოლოდინს უკავშირდება და ეს არის ეროვნული ბანკის პრევენციული ნაბიჯი იმისთვის, რომ ლარის კურსის სტაბილურობა შენარჩუნდეს წინასაარჩევნო პერიოდში. თავისთავად ცხადია, რომ ახლა ბაზრის მონაწილეები ნერვიულობენ და იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ინტერვენციები არის სწორედ იმ მიზნისკენ, რომ კურსის სტაბილურობა შენარჩუნდეს.
საქართველოს ეროვნულ ბანკს კიდევ მოუწევს თუ არა რეზერვების გაღება ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაიზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ სიტუაციაზე. უკვე ახლოდება 26 ოქტომბერი. ჯერჯერობით საარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს და რაიმე ისეთ განაკუთრებული ექსესებს არ აქვს ადგილი. თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდება, მაშინ ლარზე წნეხიც არ იქნება, მაგრამ თუ დაძაბულობა გიზრდება, თავისავად ცხადია, რომ უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება უცხოურ ვალუტაზე და ეროვნულ ბანკს მეტი რეზერვის დახარჯა მოუწევს. სებ-ს ახლა სხვა არჩევანი უბრალოდ არ აქვს”, – განაცხადა თუთბერიძემ.
იგივე მოსაზრება აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს. მისი შეფასებით, სავალუტო ინტერვენციები ბაზარზე აჟიოტაჟური სიტუაციის ჩასაქრობად არის გამოყენებული.
„ბევრს აინტერესებს თუ რა ხდება სავალუტო ბაზარზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ოქტომბერში მეორე, ხოლო წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა. თუ სებ-ის განმარტებას დავეყრდნობით, სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას.
ყველა ის განცხადება რასაც ს მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციურ თუ საგარეო ველზე ვაკვირდებით: ოპოზიციის გამარჯვების დამდგარ შედეგებზე, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების წინასწარ გაყალბებაზე, დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლებზე თუ დროებით ტექნიკური მთავრობის შექმნაზე, წარმოშობს გაურკვევლობას, რაც არის ნეგატიური მოლოდინის მკვებავი ძირითადი წყარო.
ყოვლად მიუღებელია ცალკეული ეკონომისტების სპეკულაცია რეზერვების არასწორ ხარჯვაზე, რადგან სავალუტო ინტერვენციები ბაზარზე აჟიოტაჟური სიტუაციის ჩასაქრობად არის გამოყენებული”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ეროვნული ბანკის ნაბიჯს დადებითად აფასებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში, სადაც ითქვა, რომ კურსის სტაბილურობისთვის ინტერვენციების გაღება უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი ბაზარზე ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევას კვლავ ექნება ადგილი.
„დღეს მაკროეკონომიკური პარამეტრები იმდენად ჯანსაღია, რომ არ არსებობს არანაირი ობიექტური გარემოება, რაც ეროვნული ვალუტის მსგავს რყევას უნდა იწვევდეს. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, 17%-ითაა გაზრდილი საქონლის ექსპორტი, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ კი 283.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფაქტია, რომ საარჩევნო პერიოდში ეროვნული ვალუტის მიმართ მოლოდინი უფრო გამძაფრებულია და შესაბამისად, სებ-ს მართებს სწრაფი რეაგირება, რათა ნებისმიერი რისკის დროული პრევენცია მოახდინოს და არ დატოვოს არანაირი სპეკულაციის საფუძველი გაცვლითი კურსის მიმართ.
როგორც წესი, არჩევნები და მწვავე პოლიტიკური პროცესები გავლენას ახდენს, როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე მათ შორის, ეროვნულ ვალუტაზე. შესაბამისად, წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ლარის სტაბილურობას საფრთხე, განსაკუთრებით კი სპეკულაცია არ დაემუქროს.
საჭიროების შემთხვევაში, სებ-მა უნდა გააგრძელოს სავალუტო ინტერვენციები, რათა ლარის მოკლევადიანი მერყეობა დროულად შეაჩეროს, ლიკვიდობის პრობლემა არ შეიქმნას და მნიშვნელოვანი დევალვაცია თავიდან აირიდოს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო რეზერვების მოცულობა, სექტემბრის თვის მონაცემებით 4.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
აფბა მოუწოდებს პოლიტიკურ გაერთიანებებს, საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ეროვნული ვალუტის მიმართ სპეკულაციური განცხადებებისგან, ვინაიდან ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად”, – აღნიშნული ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მიერ უპრეცედენტოდ დიდი რეზერვები წინასაარჩევნო პროცესში ლარის კურსის გადაზღვევისთვის გაყიდა, – ასეთია ფინანსისტ ვასილ რევიშვილის მოსაზრება, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა ლარი ყველაზე მოწყვლადია. ამიტომ, ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ ცდილობენ, ეროვნული ვალუტა იყოს სტაბილური.
“რამდენად გამართლებულია მოსალოდნელი სენტიმენტის გამო ლარის რეზერვების გაყიდვა, ეს მეორე საკითხია. ეცდებიან, კურსი წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ სტაბილური იყოს, არამედ გამყარდეს. უბრალოდ, ამ რაოდენობის დოლარის გაყიდვა ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად, რადგან ვერ ვხედავ ისეთ ეკონომიკურ ფაქტორებს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის გაცვლით კურსზე”, – განაცხადა რევიშვილმა.
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა და ამაყად შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში – ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისელ ამომრჩეველს მიმართა