არჩევანის პარადოქსი – რატომ ართულებს მრავალფეროვანი ასორტიმენტი გადაწყვეტილების მიღებას

ფართო არჩევანი გვახარებს, მაგრამ რაც მეტი ვარიანტია, მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება. ეს პარადოქსია და საინტერესოა რატომ ართულებს მრავალფეროვნება მომხმარებლებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. Accenture-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში, მყიდველების 74%-მა ერთხელ მაინც დაამატა საქონელი ონლაინ კალათაში, მაგრამ არაფერი იყიდა. კვლევის მიხედვით, ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათ თავს ახვევენ პროდუქტებს, რითაც არჩევანი იზრდება, გადაწყვეტილების მიღება კი რთულდება. ადამიანებს შორის, რომლებმაც მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან სასურველი ვერ აარჩიეს, 79% ეძებდა ტანსაცმელს, 72% ავიაბილეთებს და 70% საჭმელს.
მომხმარებლების გადაუწყვეტელობას, რომელიც ასორტიმენტის მრავალფეროვნებით არის გამოწვეული ფსიქოლოგიის პროფესორი ბარი შვარცი „არჩევნის პარადოქსს“ უწოდებს. სვარტმორის კოლეჯის პროფესორი ამბობს, რომ უფრო მეტმა არჩევანმა თავიდან შეიძლება გაგვახაროს, თუმცა რაც მეტი ვარიანტია, მით უფრო რთულია ჩვენთვის საუკეთესოს არჩევა.
შვარცის წიგნი, რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა, შთაგონებული იყო სასურსათო მაღაზიაში ჩატარებული კვლევებით. რომლის დროსაც, მომხმარებელს ჯერ ჯემის 6 ნიმუში, შემდეგ კი 24 ნიმუში შესთავაზეს. მცირე არჩევანის შეთავაზების შემთხვევაში 10-ჯერ უფრო მეტმა შეიძინა პროდუქტი, ვიდრე მაშინ, როდესაც მომხმარებელს 24 ნიმუში წარუდგინეს.
თეორიულად, ონლაინ შოპინგი მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ ამავე დროს, ეს ართულებს არჩევანს, რადგან ჩვენ ვიღებთ ასობით და ათასობით ვარიანტს. თითოეულს თან ახლავს მოცულობითი ინფორმაცია, რის გამოც ძიების გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია.
ინტერნეტმა არა მხოლოდ შეცვალა ჩვენი ყიდვის მეთოდი, არამედ გააფართოვა არჩევანიც, რომელსაც გამყიდველები გვთავაზობენ. მაღაზიები ერთ დროს შეზღუდული იყვნენ ფართით, ახლა კი მათ შეუძლიათ საწყობი ათასობით პროდუქტით შეავსონ და პირდაპირ კლიენტის კარამდე მიიტანონ. ამიტომ საცალო ვაჭრობაში დომინირება დაიწყეს უფრო დიდმა მაღაზიებმა პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტით.