არშადან სტეფანწმინდამდე 4.5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა იგეგმება

სოფელ არშადან დაბა სტეფანწმინდის შესასვლელამდე საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის ანგარიში უკვე წარუდგინა.
დოკუმენტების თანახმად, საპროექტო გზის სიგრძე დაახლოებით 4.5 კილომეტრია. საპროექტო გზა იქნება ორზოლიანი, ხოლო სიჩქარე 80 კვ/სთ.
„არშადან სტეფანწმინდის შემოსავლელ საავტომობილო გზამდე მონაკვეთი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში, რომელიც იწყება სოფელ გარბანიდან მდინარე ტერხენაზე არსებული სახიდე გადასასვლელის შემდეგ, რომელიც არის მცხეთა-სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის 117+160კმ-ი.
ტრასის საწყისი მონაკვეთი 180 მ-ზე მიყვება არსებულ გზას, შემდეგ უხვევს მარცხნივ გადის ახალი მიმართულებით, კვეთს მდინარე თერგს და შემდეგ მიუყვება მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროს, მე-4 კმ-ზე ტრასა გადის სოფელ ფანშეტსა და საბაჟო ტერმინალს შორის და მთავრდება პკ 44+51,12-ზე, რომელიც შეესაბამება სტეფანწმინდის შემოსავლელი გზის პკ 44+10-ს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის არსებული გზის და საპროექტო გზის მიერთების ადგილას ტრასის დასაწყისში პკ1+83-ზე გათვალისწინებულია წრიული მოძრაობის მოწყობა, პკ16+64-ზე გათვალისწინებულია გადაკვეთის მოწყობა, სოფელ ფანშეტთან საპროექტო და ადგილობრივი გზის კვეთაზე პკ37+64.54-ზე გათვალისწინებულია მიერთების მოეწყობა. ტრასის ბოლოში სტეფანწმინდის შემოსავლელ გზასთან მიერთების ადგილას პკ44+51.12-ზე გათვალისწინებულია წრიული მოძრაობის მოწყობა“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.
ინფორმაციისთვის, სკოპინგის ანგარიშის განხილვა დაგეგმილია 22 იანვარს 15:00 საათზე სოფ. არშის საჯარო სკოლის შენობაში, ხოლო 23 იანვარს 12:00 საათზე სოფ. ფანშეტის რიტუალების სახლის შენობაში.