“არქი” რეგიონებში დეველოპერული პროექტების განხორციელებით ინტერესდება. კომპანიას კახეთის მიმართულებით განვითარების გეგმა უკვე აქვს. პარალელურად, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, “არქი” ამჟამად რუსთავში ახალი საცხოვრებელი კომპლექსებს აშენებს, სადაც მაღალი მოთხოვნის გამო პროექტის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.
კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ რუსთავთან და კახეთთან ერთად, დეველოპერული პროექტების განსახორციელებლად პერსპექტიული ქობულეთიც შეიძლება გახდეს.
“ფართო მასშტაბიანად თბილისში ვართ წარმოდგენილი. დედაქალაქი არ კარგავს აქტუალობას, იზრდება მოთხოვნა როგორც ადგილობრივი მომხმარებლისგან, ისე უცხოელი მომხმარებლებისგან. ასევე, ბათუმი, ბაკურიანი, რუსთავი, სადაც ჩვენ წარმოდგენილი ვართ. გარდა ამისა, ვუყურებთ კახეთის მხარეს, აქ წარმოგვიდგენია ისეთი პროექტი, როგორიც დავიწყეთ სიონში. სიონის ტბასთან დაბალი განაშენიანება გვაქვს და ბრენდირებულ სასტუმრო “ლე მერიდიანს” ვაკეთებთ, სავარაუდოდ კახეთშიც მაღალი დონის ბრენდი შეირჩევა. ასევე, ქობულეთს ვგეგმავთ, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება. ასევე ვიცით, სხვა არაერთი ქალაქი”, – ამბობს კომპანია “არქის” გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
აღსანიშნავია, რომ დეველოპერული ბიზნესის განცხადებით, თბილისში ახალი პროექტებისთვის ადგილების დეფიციტია. ბიზნესს თავისუფალი მიწების მოძიება უჭირს, ამიტომ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ლიმიტირებული პერსპექტივა მათ დედაქალაქის ფარგლებს გარეთ გასვლისკენ უბიძგებს.
