თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული-სასწავლო შენობის ესკიზური პროექტის ტენდერში შპს „ეი-დი-ეს“-მა გაიმარჯვა. კომპანიის მიერ შეთავაზებულმა თანხამ 798 000 ლარი შეადგინა, ხოლო ხარისხის ჯამურ შეფასებაში პროექტმა მაქსიმალური, 10 ქულა მიიღო.
შპს „ეი-დი-ეს“-ის 100%-იანი წილის მფლობელი, არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი დიმიტრი მოსულიშვილია. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა მოსულიშვილმა 2015 წელს დაიკავა.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის სიღრმეში და მას სამხრეთით ესაზღვრება უნივერსიტეტის I და II კორპუსი, ჩრდილოეთით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, აღმოსავლეთით კი ვარაზისხევი.
როგორც კომპანიის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, არსებულ ტერიტორიაზე ისტორიულად მდებარეობდა უნივერსიტეტის დამხმარე შენობა-ნაგებობები, მათ შორის გამორჩეულია ლაბორატორიის შენობები, რომელთა თავზე ვხვდებოდით ბელვედერს.
„დღეის მდგომარეობით განსახილველ მონაკვეთში, სახეცვლილ ლაბორატორიის შენობებთან ერთად მდებარეობს სხვადასხვა დროებითი ნაგებობები, სადაც განთავსებულია საწყობები, ავტოსერვისები და ა.შ. II კორპუსის ჩრდილოეთით მდებარე ლაბორატორიის შენობაზე გაკეთებულია დაშენება რის გამოც ბელვედერს დაკარგული აქვს მისი ფუნქცია. პროექტით გათვალისწინებულია, ბელვედერის გათავისუფლება სხვადასხვა უსისტემო დაშენებებისგან, მისი პირვანდელი სახის აღდგენა, რაც ემსახურება ავთენტური ფუნქციის დაბრუნებას. ასევე შესაძლებელია ხსენებული მონაკვეთის ნაწილის გამოყენება ღია ავტოსადგომად. ბელვედერსა და პირველ კორპუსს შორის არსებული სპორტული მოედანი შეიცვლის ადგილს, კერძოდ გადავა ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მას კავშირი ექნება, როგორც უნივერსიტეტის ძირითად კორპუსებთან ასევე, ახალ სასწავლო- ადმინისტრაციულ კორპუსთან და მედეათეკასთან. საპროექტო გადაწყვეტა ითვალისწინებს, ისტორიული ლაბორატორიის შენობების გადაღმა მდებარე მოსწორებულ ტერასაზე 3 სართულიანი ადმინისტრაციულ- სასწავლო შენობის განთავსებას.
საპროექტო შენობაში შევხვდებით ყველა იმ ფუნქციას, რაც გათვალისწინებულია ტექნიკური დავალებით: აუდიტორიებს, სხვადასხვა დეპარტამენტის ოთახებს, დამხმარე ტექნიკური პერსონალის ოთახებს, საწყობს, ავტოსადგომს და ა.შ. ჯამში შენობის საერთო ფართი შეადგენს 6588.2კვ.მ-ს. საპროექტო შენობა კონსტრუქციულად აიგება რკ. ბეტონის კარკასზე“, – წერია განმარტებით ბარათში.
