გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის განაცხადებით, საერთაშორისო სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ გელათის ტაძარში 21 კრიტიკულ კერაზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ.
როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სპეციალისტებს კედელი დახვდათ ისეთ მდგომარეობაში, რის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების დაწყება შესაძლებელია.
„ის 21 კრიტიკული კერა, რომელიც მანამდე მუშაობის შედეგად მონიშნული იყო, მათ თქვეს, რომ ჩვენ დავიწყებთ ამ 21 კრიტიკულ კერაზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია იმიტომ, რომ შეიძლებოდა მათ ეთქვათ, რომ ჯერ კედელი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ მუშაობა შევძლოთო. ასევე, სასიხარულო იმიტომ არის, რომ კედელი დახვდათ იმ მდგომარეობაში, შეიძლება რომ მათ ეს სამუშაოები ჩაატარონ. ასევე ჩამოსულია ბატონი რობერტო იტალიიდან, რომელიც დღეს მუშაობს ფლორენციაში მოზაიკის აღდგენაზე და მანაც გუშინდელი დღე, ფაქტობრივად, ხარაჩოზე გაატარა. ის დაიწყებს მოზაიკის შესწავლას მთელი წლის განმავლობაში. მას პროგრამა წლის განმავლობაში გაწერილი აქვს ისე, რომ მთლიანად მოახდინოს ჩვენი, ღვთისმშობლის მოზაიკის ბუნების შესწავლა. ის ამბობს, რომ სანამ მე არ შევისწავლი ამ მოზაიკის ბუნებას იქამდე საკონსერვაციო სამუშაოებს არ დავიწყებ, რომ რამე ოდნავი შეცდომაც კი, დაშვებული არ იქნესო”, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.
რაც შეეხება უკვე გარე სამუშაოებს, სახურავს და ა.შ. როგორც არქიმანდრიტი კირიონი განმარტავს, ამ მხრივ, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
„ამ მხრივ, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება – საძირკვლის მოწყობა და უკვე შემდგომ დაიწყება ერთიანი გადახურვის მოწყობა. ხელშეკრულება დადებულია კომპანია „ლეიერთან“, ასევე, სამუშაოები უმაღლეს დონეზე შესრულებულია გერმანელი ინჟინრების მიერ, ამ ხარაჩოებს ააწყობს გერმანული კომპანია, რომელიც თავის მხრივ, არსებულ პროექტს გადაამოწმებს და პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ეს ხარაჩო მყარი და მდგრადი იქნება“, – განაცხად არქიმანდრიტმა კირიონმა.