არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ეპარქიული კომისიის სხდომაზე მედიასთან ერთად არ შეუშვეს

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საპატრიარქოში, ეპარქიული კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული, სხდომაზე მედიასთან ერთად არ შეუშვეს.
სასულიერო პირის თქმით, ის სხდომაზე დაბარებული იყო სატელევიზიო გამოსვლების გამო და ვინაიდან აღნიშნული განცხადებები საჯაროდ ჰქონდა გაკეთებული მედიასთან, ამიტომ სხდომაზე დასწრებას ჟურნალისტებთან ერთად ითხოვდა.
არქიმანდრიტი სხდომაზე შესვლას არ აპირებს.
“მე არათუ არ შევდივარ სხდომაზე, არ შემიშვეს, ჩემი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და არცერთ კანონმდებლობას, რაც არის ეკლესიური, არ ითავლისწინებენ. თუნდაც მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ კომისიის წევრი არ უნდა იყო დაინტერესებული და კონფლიქტი მყოფი პირი დაბარებულთან და ეს ყველაფერი მათ არ გაითვალისწინეს. ისინი არ ითვალისწინებენ არც ჩვენს კანონებს, არც რჯულის კანონებს. მე უფლება მაქვს მოვითხოვო, ღია განცხადებების გამო ვარ დაბარებული და ამიტომ ღიად უნდა მოხდეს განხილვა. მე არაფერი დამალულის გამო არ ვარ დაბარებული და მე უფრო უნდა მეშინოდეს ამის გაცხადების თუ მტყუანი ვარ, ვიდრე მათ. და თუ ისინი მართლები არიან, უნდა უხაროდეთ პრესის წინაშე მოხდეს ჩემი გამტყუნება, რადგან მათ ხალხს უნდა განუმარტონ რის გამო ვარ დამნაშავე. მე ვიცი ისინი რაში მადანაშაულებენ, მაგრამ ამას ვერ ამბობენ. ჩემი დანაშაული არის ის, რომ მე ვამხელ რუსეთს. მე ვამბობ, რომ ჩვენი სისხლით ვერ გაძღა და ვამბობ იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო ივანიშვილმა მიიტაცა. მე ვამბობ იმას, რომ ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და პლუს ეკლესია”, – განაცხადა არქიმანდრიტმა “ფორმულასთან”