არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ მისთვის „სრულიად უმნიშვნელოა“ რა განჩინებას გამოიტანს საპატრიარქოში კომისია, რომელზეც ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს არის დაბარებული.
არქიმანდრიტის თქმით, მას აინტერესებს მხოლოდ ის, რას ამბობს ღმერთი და რას ამბობს ხალხი.
დოროთე ყურაშვილმა ისაუბრა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზეც და თქვა, რომ ის მისთვის „უკვე ძმაც არ არის და მისგან არანაირ სიკეთეს“ არ ელის.
არქიმანდრიტმა სასულიერო პირებს ქრისტეს გზაზე დგომისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველა სასულიერო პირი „მწვალებლობაში“ იქნება დადანაშაულებული, თუ ისინი მეუფე სტეფანეს განცხადებებს არ დაგმობენ.
“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან, რას გამოიტანენ, იქნება ეს სასჯელი თუ არ იქნება. მე ერთადერთი მაინტერესებს – რას ამბობს ჩემზე ღმერთი და რას ამბობს ჩემზე ხალხი.
რაც შეეხება მამა ანდრია ჯაღმაიძეს, მან მე “ტვ იმედის” ეთერში ბრალი დამდო, ნუ ძალადობო. როდესაც მთავრობა ეძებს მოძალადეებს და როცა მღვდელი მღვდელზე ამბობს ტელევიზიით, ნუ ძალადობთო, ეს არის ბრალდება და ის ჩემთვის უკვე არც ძმა არის და მისგან არანაირ სიკეთეს არ ველი. მე მათ არ დავუთმობ ეკლესიას, რუსეთს ეკლესიას არ დავუთმობ, სისხლით მოტანილ ეკლესიას არ დავუთმობ რუსეთს. ჩვენი ეკლესია იქნება ხალხის, რადგან ხალხის მოტანილია აქამდე, ამიტომ ისინი რა განჩინებას გამოიტანენ, ჩემთვის სრულიად უმნიშვნელოა.
რაც შეეხება სასჯელს, გამომიტანენ მას თუ არა, მე მაინც არ გავჩერდები მათთან მიმართებაში, რადგან ისინი მწვალებლობას აფარებენ ხელს. ეს ახლა თქვენ, ერმა არ იცით რას ნიშნავს, მაგრამ ვინც ეკლესიაშია, ყველა მღვდელმა იცის. ყველა მღვდელი, რომელიც არ დადგება ქრისტეს მხარეს, ყველა იქნება ბრალდებული მწვალებლობის გავრცელებაში მას შემდეგ, როგორც კი ამას გამოვაქვეყნებ. უნდა დაგმონ ის მწვალებლობა, რასაც მეუფე სტეფანე ქადაგებს და რასაც ანდრია ჯაღმაიძე ხელს აფარებს”, – განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.
