არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი – ბრალდებები ჩემთვის წინასწარ არ წარმოუდგენიათ და ეს იყო კომისიაზე გამოუცხადებლობის მიზეზი – ამის გამო ჩემთვის მკაცრი გაფრთხილების მოცემა უსაფუძვლოა

ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიას ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მისთვის მკაცრი გაფრთხილების მიცემა უსაფუძვლოა.
არქიმანდრიტის განმარტებით, კომისიაზე არგამოცხადების მიზეზი ის იყო, რომ ბრალდებები წინასწარ არ გააცნეს. მისი თქმით, კვლავ ითხოვს, რომ ბრალდება გააცნონ და “მხოლოდ ამგვარად, საეკლესიო კანონიკის დაცვით”, მზადაა, წარუდგეს კომისიას, “რომელსაც ექნება საეკლესიო სწავლებების განხილვის კომპეტენცია”.
ღია წერილს, რომელსაც არქიმანდრიტი დოროთე “ფეისბუქზე” ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიას ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ დოროთესგან (ყურაშვილი)
2025 წლის 16 ოქტომბერს გამართულ ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მე, არქიმანდრიტ დოროთეს, მომცეს მკაცრი გაფრთხილება. კომისიის დასკვნაში არ ჩანს ჩემი მოთხოვნები, არ ჩანს, რომ ვითხოვდი წერილობით მომართვას ჩემს მიმართ წამოყენებული ბრალდებების შესახებ ფაქტების მოხმობით. მე, ბრალდებულს, საეკლესიო კანონიკის მიხედვით, მაქვს სრული უფლება, წერილობით გავეცნო ბრალდებას, სანამ კომისიის წინაშე წარვდგები. ეს ბრალდებები ჩემთვის წინასწარ არ წარმოუდგენიათ და ეს იყო კომისიაზე ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზი. როგორც ჩანს, ჩემი მოთხოვნები კომისიაზე არავის გაუჟღერებია ან გააჟღერეს და კანონდარღვევით ყურადღება არ მიაქციეს.
კომისიაზე დაბარების შესახებ სმს-ით შემატყობინა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, მეც სმს-ით ვუპასუხე. რადგან მან ჩემი მოთხოვნები კომისიის წევრებს არ გააცნო ან გააცნო და კომისიის წევრებმა ყურად არ იღეს, რაც არის ჩემი უფლებების დარღვევა, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ, საჯაროდ გამოვიტანო დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მიერ ჩემი დაბარების ტექსტი და ჩემი პასუხები.
ორშაბათი, 13 ოქტომბერი, 13:55 (ცამეტი საათი და ორმოცდათხუთმეტი წუთი)
„დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: მამაო, დაგვლოცე. 16 ოქტომბერს, ხუთშბათს 14 საათზე, დაბარებული ხართ საპატრიარქოში. გაიმართება კომისიის სხდომა. გთხოვთ დამიდასტუროთ რომ მიიღეთ შეტყობინება.
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): რა თემაზე?
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: თქვენს ინტერვიუებთან დაკავშირებით.
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): მე ველოდები სინოდზე დაბარებას.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: ვერ გავიგე.
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): მე ველოდები და ვითხოვ სინოდის მოწვევას მეუფე სტეფანეს მწვალებლურ სწავლებაზე.
და თქვენ, თუ ამას არ გააკეთებთ და ეთანხმებით, ზიარებაზე რასაც მეუფე სტეფანე ასწავლის, თქვენც ყველანი თანამდები ხართ. თუ თქვენ სინოდს არ მოიწვევთ, მე იძულებული ვიქნები, რომ ღიად მოვუწოდო სინოდს. რადგან მწვაელებლობა იქადაგება და თქვენ ყურადღებას არ აქცევთ.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: ანუ კომისიაზე გამოცხადებას არ აპირებთ?
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): ჩემს ინტერვიუებიდან თუ რამე პრეტენზიები გაქვთ, წერილობით მომწერეთ, რომ მეც ვიცოდე, რაზე მდებთ ბრალს და მოვემზადო. ასე, დაჭრილი და ამოკრებილი ციტატებით როგორ უნდა გაგცეთ პასუხი.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: მამაო, პირობებს გირჩევ ნუ დაგვიყენებ, რაც გაქვს ნასაუბრები, თვითონ უკეთესად არ იციი, მასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები.
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): მე ბევრი რამე მაქვს ნასაუბრები და თქვენ რომელი მიგაჩნიათ მწვალებლობად, არ ვიცი და წინასწარ უნდა ვიცოდე. კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან იმ მომენტში შეიძლება, ყველაფერი არ მახსოვდეს. ამიტომ მეც უნდა მომეცეს საშუალება, გადავხედო ჩემს ნასაუბრებს. ამიტომ ვითხოვ, რომ გამომიგზავნოთ წერილობით. თუმცა მე ამ კომისიის ჩანიშვნამდე ვითხოვ სინოდს. და აქვე მომწერეთ, იწვევთ თუ არა სინოდს. რადგან მეუფე სტეფანემ მწვალებლობაში დამდო ბრალი. და თვითონ ქადაგებს მწვალებლობას. თქვენ წინა დაბარებაზე შემპირდით, რომ სინოდზე დააყენებდით ამ საკითხს და არ გააკეთეთ. ესე იგი თქვენც ეთანხმებით მეუფე სტეფანეს მწვალებლობას და თქვენც მისი თანაზიარი ხართ.
თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებული ვარ, ხმამაღლა განვაცხადო თქვენს მიერ ქრისტეს სწავლების უგულებელყოფა და მწვალებლობასთან თანაზიარება.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: მამაო, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ: სინოდს იწვევს ეკლესიის მეთაური. მე გიბარებ კომისიის სახელით, რომელიც დანიშნულია 16 ოქტომბერს. გთხოვთ, გამცეთ პასუხი გამოცხადებასთან დაკავშირებით.
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): დიახ, მიმართეთ მეუფე შიოს და პატრიარქს, რომ მეუფე სტეფანე ქადაგებს მწვალებლობას და მე მდებს ბრალს მწვალებლობაში. და მე ვითხოვ სინოდის კრებას, რადგან თქვენ ხელს აფარებთ მეუფე სტეფანეს მწვალებლურ ქადაგებას. თქვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან ირღვევა ქრისტეს სწავლება. თქვენ ვალდებული ხართ, დაიცვათ მართლმადიდებლობა. მე თქვენ და მამა ანდრიას ბრალს გდებთ მწვალებლობის მფარველობაში და გავრცელებაში. და თუ დამიდასტურებთ, რომ მიმართავთ პატრიარქს და ამას მოახსენებთ, რომ მე ვითხოვ ამ საკითხის განხილვას სინოდზე, მაშინ ხმამაღლა არ განვაცხადებ.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: მამაო, არ ვაპირებ პოლემიკაში შემოსვლას. რასაც მე მწერ, კომისიისთვის შემოინახე. იქ თქვი, რა პრეტენზიებიც გაქვს. მე ველოდები პასუხს.
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): მე ეს წინა დაბარებაზეც განვაცხადე და თქვენ თქვით, რომ ამას სინოდზე გაიტანდით და არ გააკეთეთ. გიდასტურებთ, რომ თქვენც მწვალებლობის თანაზიარი ხართ. ეკლესიის სწავლებას რყვნით.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: შევწყვიტე მიმოწერა. პასუხი არ მიმიღია. გასაგებია, მადლობა. ესეც პასუხია”.
როგორც ჩანს, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჩემი მიმოწერა განიხილა მამა ანდრიასთან და, შესაძლოა, სხვებთანაც და მიმოწერის შეწყვეტის შემდეგ 16:02 (თექვსმეტ საათსა და ორ წუთზე) ისევ მომწერა:
„დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: მამაო, მე კომისიის თავმჯდომარეს უნდა შევატყობინო თქვენი პასუხი მოსვლა-არმოსვლასთან დაკავშირებით. მე ასე გავიგე, რომ უარს ამბობთ. ასეა?
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): მე გითხარით, კვლავ გიმეორებთ: თქვენს მიერ ვარ შეურაცხყოფილი, მეუფე სტეფანესთან ერთად მეძახით მწვალებელს და ამით ეთანხმებით მეუფე სტეფანეს მწვალებლურ სწავლებას, რადგან უმოქმედოდ ხართ მწვალებლობის გავრცელების მიმართ. ესე იგი თქვენ ეთანხმებით ეკლესიაში მწვალებლობის გავრცელებას და ამიტომ მე თქვენ და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მოგიწოდებთ, დაგმოთ მეუფე სტეფანეს მწვალებლობა, ბოდიში მოიხადოთ მწვალებლობაში დადანაშაულებაზე, ან მე ვითხოვ ამ საკითხის სინოდზე გატანას და იქ გაგცემთ პასუხს. თუ ამას არ დამიდასტურებთ, აქვე მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ მწვალებლობის გავრცელებაში გამხილოთ საჯაროდ თქვენ და დეკანოზი ანდრია მეუფე სტეფანესთან ერთად. თუ ჩემი ხმამაღალი განცხადების შემდეგ სინოდი თუ არ მიაქცევს ამ საკითხს ყურადღებას, ვალდებული ვიქნები, მსოფლიო პატრიარქს და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს გავუგზავნო თქვენი მწვალებლური სწავლება განსახილველად. ველოდები პასუხს. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: ??? ვერაფრი გავიგე. არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): მაშინ გავახმოვანებ საჯაროდ, თუ როგორ შეურაცხმყოფთ და თუ როგორ უგულებელყოფთ მართლმადიდებლურ სწავლებას და თუ როგორ უწყობთ ხელს მწვალებლობის გავრცელებას თქვენ და მამა ანდრია და სხვა პასუხისმგებელი პირები. იმედია, მერე გაიგებთ. ყველა მწვალებელი უნდა ჩამოშორდეს ეკლესიას. მიუხედავად სტატუსისა”.
როგორც კომისიის წერილიდან ჩანს და როგორც დასაწყისში ვთქვით, ჩემი მოთხოვნები კომისიის სხდომაზე არ გაჟღერებულა ან კომისიის წევრებმა კანონიკის დარღვევით ყურადღება არ მიაქციეს, რაც ეჭვქვეშ აყენებს განჩინების ობიექტურობას. ჩემი მოთხოვნების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. რადგან მე მათ იქით ვდებ ბრალს მწვალებლობის მფარველობაში, შეუძლებელი და მიუღებელია, რომ დაბარებული ვიყო იმ კომისიაზე, რომლის წევრებიც არიან დეკ. მიქაელ ბოტკოველი და დეკ. ანდრია ჯაღმაიძე.
ამიტომ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ჩემთვის მკაცრი გაფრთხილების მოცემა უსაფუძვლოა, რადგან კომისია ვალდებული იყო და დღესაც ვალდებულია, რომ წინასწარ გამაცნოს ჩემს მიმართ წარმოდგენილი ბრალდება. საეკლესიო კანონიკის სრულად დაცვით ისევ და ისევ ვითხოვ, რომ ბრალდება წინასწარ გამაცნონ კონკრეტული ქადაგებების თუ სატელევიზიო გამოსვლების სახელდებით და ზუსტი მითითებით და განმარტებით, თუ რაში მედება ბრალი. ვიმეორებ, რომ არაერთი ქადაგება და სატელევიზიო გამოსვლა მაქვს და შეუძლებელია, ყველა შინაარსობრივად მახსოვდეს. მხოლოდ ამგვარად, საეკლესიო კანონიკის დაცვით, მზად ვარ, წარვუდგე იმ კომისიას, რომელსაც ექნება საეკლესიო სწავლებების განხილვის კომპეტენცია.
რაც შეეხება მეუფე სტეფანეს ბრალდებებს და ჩემთვის მოყენებულ შეურაცხყოფებს, და მწვალებლობას, რომელსაც ქადაგებს, მე ვთვლი, რომ შეურაცხყოფილია ქრისტეს სწავლება და ასევე შეურაცხყოფილი ვარ მეც, რადგან მწვალებელს, უნამუსო კაცს, ეგრეთ წოდებულ არქიმანდრიტს მიწოდებს. მივმართავ სინოდალურ კომისიას, რომ ეს საკითხი დაუყონებლივ განიხილოს, რადგან მაღალი იერარქის მიერ ნაქადაგები მწვალებლობა სწრაფად ვრცელდება, მავანნი უკვე აყვნენ, გმობენ ქრისტეს მართალ სწავლებას და მგმობენ მე”,- ნათქვამია არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის ღია წერილში.