სინდისის პატიმარი არტემ გრიბული საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს. ის საუბრობს უსამართლო განაჩენზე, რომლის გამოც მას და სხვა სინდისის პატიმრებს რუსეთიდან მთელი ახალგაზრდობის ციხეში გატარება მოუწევთ. გრიბული წერს, რომ აქვს საზოგადოების მხარდაჭერისა და გამარჯვების იმედი.
გამარჯობა!
26 ნოემბერს ჩემი და ანასტასიას [ზინოვკინა] საქმეზე სხდომები სააპელაციო სასამართლოში დაიწყო. სექტემბერში „მოსამართლე“ გალუსტაშვილმა 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯა. ზუსტად ისე, როგორც ანტონ ჩეჩინს. ეს არის საზარელი, სიცოცხლის გამანადგურებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც მთელი ჩვენი ახალგაზრდობა ციხეში, გისოსებს მიღმა უნდა გავატაროთ.
ასეთი განაჩენები მხოლოდ პუტინისეულ ან ლუკაშენკოსეულ შეშლილ დიქტატურებს გამოაქვთ უდანაშაულო ადამიანებისთვის განსხვავებული აზრისა და პროტესტებში მონაწილეობის გამო. ბორის ივანოვის რეჟიმიც უკვე ერთი წელია ამ სიაშია.
ახლა თითოეული თქვენგანი შეიძლება ჩვენს ადგილზე აღმოჩნდეს — გახვიდეთ მაღაზიაში და ვეღარ დაბრუნდეთ. მუნდირიანი ბანდიტები ხელს გტაცებენ, ნარკოტიკებს ან იარაღს „მოგაწერენ“, ხოლო სასამართლო უგუნურად და მორჩილად გამოგიტანთ განაჩენს.
ციხეში ჯანმრთელობას გაგინადგურებენ. ანასტასია ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ შეტევების დროს საწოლიდან ვერ დგება, მარჯვენა ხელისა და ფეხის თითები წართმეული აქვს. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ის ნაძირალა, რომელიც სახელმწიფოს სახელით გაუპატიურებით ემუქრებოდა და ნარკოტიკები ჩაუდო — ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობს, დაუსჯელობის გამო კი თავს უფლებას აძლევს გართობისთვის თბილისის ცენტრში ისროლოს.
ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. ყოველი მუნდირიანი ბანდიტი და მათი თანამზრახველები გისოსებს მიღმა უნდა აღმოჩნდნენ. რეჟიმი, რომელიც მსგავს დანაშაულებს შესაძლებელს ხდის და ფარავს — არ უნდა არსებობდეს. ყველა სინდისის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს!
ამისთვის ღირს ბოლომდე ბრძოლა. ჩვენ სასამართლოში ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ. ჩვენი პოზიცია ძლიერია: „პოლიციელები“ და „ნეიტრალური მოწმეები“ ჩვენებებში ირეოდნენ, ერთმანეთს და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდნენ, გამოვლინდნენ მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და აშკარა ტყუილში. ეს ყველაფერი უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ბოლომდე!
არტემ გრიბული”, – წერს არტემ გრიბული.
არტემ გრიბული არის რუსეთის მოქალაქე, მონაცემთა მეცნიერი და აქტივისტი, რომელიც ამჟამად საქართველოში პატიმრობაში იმყოფება. მისი სახელი ფართოდ გახდა ცნობილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და მასთან დაკავშირებული რეზონანსული სასამართლო პროცესის გამო.
არტემ გრიბული და მისი პარტნიორი, ანასტასია ზინოვკინა, 2024 წლის დეკემბერში თბილისში დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (ალფა-PVP) ფლობა.
2025 წლის სექტემბერში სასამართლომ ორივეს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
არტემი და ანასტასია აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისში გამართულ პროევროპულ და ანტისამთავრობო აქციებში (რუსთაველის გამზირზე). ისინი აქციების მონაწილეებს ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ.
თავად ბრალდებულები, მათი ადვოკატები და არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციამ მათ ჩაუდო. მათი თქმით, დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა აქტივისტების დაშინებას.
პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა არაერთხელ განაცხადეს პოლიციელთა მხრიდან ზეწოლასა და არასათანადო მოპყრობაზე. ერთ-ერთ სხდომაზე არტემმა გამოიტანა ფურცელი წარწერით: “მან ჩადო ნარკოტიკი ჩემს ჯიბეებში”. გამოძიებას სასამართლოზე არ წარმოუდგენია ვიდეო-მტკიცებულება, სადაც ასახული იქნებოდა, როგორ ამოიღეს მათგან სადავო ნარკოტიკი.
ციხეში მოხვედრამდე ის ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა. ის პროგრამირებითა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებით იყო დაინტერესებული.
საპატიმროში ყოფნისას არტემ გრიბულმა რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა (მათ შორის მშრალი შიმშილობა) პროტესტის ნიშნად.




