არტემ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას ადვოკატი მოსამართლეს – რას უნდა გაენადგურებინა მტკიცებულებები დაკეტილ ბინაში? ალბათ კატებს, რომლებიც ჩხრეკის „ბრწყინვალე ოსტატებმა“ ვერ იპოვეს, არადა, კატები ამ „დანაშაულებრივი ჯგუფის“ წევრები იყვნენ

ჩემი პირველი საქმეა, როცა დაკავებაში მონაწილე პოლიციელი თავად არის ბრალდებული – ირაკლი მუხათგვერდელი. მართალია, სასამართლომ, მის შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდი დარღვევა ვერ დაინახა, ოპერატიული მანქანიდან, ნასვამ მდგომარეობაში, იარაღიდან საჯარო ადგილზე სროლაში, თუმცა, როგორც ჩანს, ამით ქართველი თემიდა სინდისის პატიმრების მიმართ გამოჩენილ მაღალ სტანდარტს აბალანსებს – სადღაც შუაში ნორმალური გამოდის, საბოლოოდ,- ამ სიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმრის, არტემ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.
მან საკუთარ დასკვნით სიტყვაში როგორც დაკავების მონაწილეთა შესახებ ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა, რა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა.
„ქალბატონო ნინო [მოსამართლე გალუსტაშვილი], თქვენთან გამართულ პროცესებზე მე შევეჩვიე უპასუხო კითხვების დასმას. ბოლოს, როცა დასკვნითი სიტყვა წარმოგიდგინეთ და ეს მოხდა სინდისის პატიმარ დავით ხომერიკის საქმეზე, გისვამდით კითხვას, „გჯერათ, ბატონო მოსამართლევ?“
სამწუხაროდ, იმ სასამართლო პროცესის ფარგლებში კანონიერი და სამართლიანი განაჩენის მიღება ვერ მოხერხდა, იმ ფაქტორების გამო, რაც ყველასთვის ცნობილია, თუმცა, ეს სხდომა ერთგვარი გაკვეთილი იყო ჩემთვისაც, რათა მესწავლა, რომ გჯერათ თუ არა თქვენ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, ამას მნიშვნელობა იშვიათად აქვს.
სწორედ ამიტომ, ჩემს დღევანდელ სიტყვაშიც, რომელსაც ასევე თან ახლავს კითხვა, სხვაგვარი შინაარსის კითხვებს დავსვამ. კითხვებს, რომლებზე პასუხიც, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ და, მეტიც, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ განაჩენში საუბარი, რაც არ უნდა დაუსაბუთებელი იყოს ის. და ეს კითხვაა, „თუ გამოიცნობთ, ბატონო მოსამართლევ?“
დღეს განსახილველი საქმე ბოროტი, თუმცა, პრიმიტიული ტყუილებისგან შედგება. ტყუილებისგან, რომელთა მომგონებს არამხოლოდ სინდისი არ აქვთ, არა მხოლოდ ინტელექტი არ აქვთ, არამედ, ფანტაზიაც კი არ გააჩნიათ“,- განაცხადა თუთბერიძემ.
მისი განმარტებით, „სპექტაკლი ვიდეო“ სასამართლომ მტკიცებულების სახით არ უნდა გაიზიაროს.
„ბრალდებული ზინოვკინა დააკავეს 17 დეკემბრის 18:41 საათზე. რა თქმა უნდა, ბუდაპეშტის 48 ნომერში. გრიბულიც, ამავე მისამართზე დააკავეს, 1 წუთის განსხვავებით, თითქმის იგივე დროს. ამასთან, პატივცემულო მოსამართლევ, აღფრთოვანებას იწვევს პოლიციელთა სინქრონული მუშაობა. ალბათ, მოცეკვავეთა ანსამბლს შეშურდებოდა ის თანხვედრა დროებში, რაც ბრალდებულთა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებშია მოცემული – ძალით, უნიჭოდ აცდენილი თითო-ოროლა წუთით. ოღონდ, ბატონო მოსამართლევ, თუ გამოიცნობთ, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, აგრესიის მიუხედავად, პასუხობდნენ თუ არა ისინი პოლიციელთა კითხვებს? ცხადია. სხვაგვარად ემილ კუპრავა და თამარ ძნელაძე ხომ ვერ მოიგონებდნენ ბრალდებულთა განათლებისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას? ხომ არ მოიგონებდნენ ახლობლების ტელეფონების ნომრებს, რუსეთში საცხოვრებელ ადგილებს? შესაძლოა, ყვირილით პასუხობდნენ და სწორედ ეს ჩაითვალა წინააღმდეგობის გაწევად და აგრესიად. ქალბატონო ნინო, ჩვენ, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ოქმის მხოლოდ ეს ნაწილია სიმართლე, ხოლო დანარჩენი – მტკნარი სიცრუე.
აღსანიშნავია განსაკუთრებული გარემოება გრიბულის დაკავების მონაწილეთა შესახებ – ჩემი პირველი საქმეა, როცა დაკავებაში მონაწილე პოლიციელი თავად არის ბრალდებული – ირაკლი მუხათგვერდელი. მართალია, სასამართლომ, მის შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდი დარღვევა ვერ დაინახა, ოპერატიული მანქანიდან, ნასვამ მდგომარეობაში, იარაღიდან საჯარო ადგილზე სროლაში, თუმცა, როგორც ჩანს, ამითი ქართველი თემიდა სინდისის პატიმრების მიმართ გამოჩენილ მაღალ სტანდარტს აბალანსებს – სადღაც შუაში ნორმალური გამოდის, საბოლოოდ.
აქვე, უნდა აღინიშნოს ძალიან საინტერესო საკითხი, ქალბატონო ნინო. როგორც აღინიშნა, 17 დეკემბრის ავბედით დღეს, მოხდა რამდენიმე რამ: ჯემალ მირაზანაშვილმა მიიღო ინფორმაცია კონფიდენტისგან;
ჯემალ მირაზანაშვილი გამოიკითხა;
ჯემალ მირაზანაშვილმა გადაამოწმა ბრალდებულები ბაზებში; გამოიცა დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის შესახებ; გაიცა დავალება ბრალდებულთა ჩხრეკის შესახებ; თუ გამოიცნობთ, პატივცემულო მოსამართლევ, ამ დროის განმავლობაში, რას აკეთებდნენ „ნარკორეალიზატორთა ჯგუფი“? ბრალდების ვერსიით, ისინი ბუდაპეშტის ქუჩა N48-ის მიმდებარედ იყვნენ და ელოდებოდნენ, როდის დასრულდებოდა ეს ქაღალდომანია და საქმის შეკერვა, რომ დროზე დაეკავებინათ და ბრალი წაეყენებინათ. ჩვენ გვსურს გთხოვოთ, ქალბატონო ნინო, განაჩენში იმსჯელოთ, თუ რას აკეთებდნენ ისინი ადგილზე ამდენ ხანს – თქვენი ვერსიაც ძალიან საინტერესო იქნება.
შემდეგი ეპიზოდი – ბინის ჩხრეკაა. თუ გამოიცნობთ, ბატონო მოსამართლევ, როცა ბინის ორივე მაცხოვრებელი დაკავებულია, რა საფუძველი არსებობს ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად? რა თქმა უნდა, ძველი, გამოცდილი მეთოდი – გადაუდებელი აუცილებლობა. რეცეპტი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის. საინტერესოა, რას უნდა გაენადგურებინა მტკიცებულებები დაკეტილ ბინაში? ალბათ კატებს, რომლებიც, სხვათა შორის, ჩხრეკის ბრწყინვალე ოსტატებმა ვერ იპოვეს. სამწუხაროდ, ბატონ მირაზანაშვილს და ყველა დანარჩენს „პირად კონტაქტზე მყოფი პირისგან, რეალური და რეალიზებული“ ინფორმაცია არ გააჩნდათ, რომ კატები ასევე ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ.
აღსანიშნავია, ვიდეო – „მტკიცებულება“, რომელიც იწყება უკვე კარგად მომზადებული სცენის ცენტრიდან, სადაც ყველაფერი ბრწყინვალედ თამაშდება. პოლიციელები მშვიდად, პროფესიონალურად ჩხრეკენ ბინას, როგორც ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი პოლიციელი ამბობს ხოლმე, „ბუჯუნობენ“, რა დროსაც მიადგებიან ნარკოტიკებით სავსე ტუმბოს და გაოცებული სახით უყურებენ ნაპოვნ ნივთებს. არ დაგვავიწყდეს, ამ უნიჭო არტისტებმა კატები ხომ ვერ იპოვეს, მაგრამ აივანზე გასვლაც დაავიწყდათ. როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა აღნიშნა, უკვე ნაპოვნი ჰქონდათ ნარკოტიკი და, ამიტომაც. ცხადია, რომ ეს ვიდეო-სპექტაკლი გასაზიარებელი მტკიცებულება არ გახლავთ“,- განაცხადა თუთბერიძემ.
მან მოსამართლეს კანონიერი გადაწტვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
„პატივცემულო მოსამართლევ, ჩვენ, თქვენგან, მიუხედავად არაერთი იმედგაცრუებისა, სანამ მოსამართლის მანტია გმოსავთ, ველით სამართლიან, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა თუთბერიძემ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ამ საქმეზე განაჩენს 12 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. სწორედ ამ დღეს მოისმენს ის ბრალდებულების საბოლოო სიტყვასაც.
ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს.
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.