თბილისში, დოდო აბაშიძის ქ. N10-ში „არტარეას“ ტერიტორია (ყოფილი თბოელექტროსადგურის ტერიტორია და მასზე არსებული ნაგებობები) გაიყიდა. ამავე ტერიტორიაზე 5 წელია, ფუნქციონირებს კლუბი TES, რომელიც რამდენიმე დღეში იხურება, რადგან „ახალი მფლობელი დაინტერესებული არ არის ხელშეკრულების გაგრძელებით“.
„31 იანვრის შემდეგ ჩვენი ყველა სცენა დაიხურება და დეკონსტრუქცია დაიწყება“, – წერს TES.
ეს ტერიტორია ივლისში „ურბან ელექტრიკმა“ (რომელსაც „აჭარა ჯგუფი“ ფლობს) შპს „ნეოსითილაითს“ მიჰყიდა. ახლა აქ სწორედ „ნეოსითილაითი“ აპირებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას.
13 ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ დადებითი შეფასება მისცა
ამ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების საკითხს (ესკიზის შეთანხმების გარეშე), არქიტექტურის დახვეწის პირობით.
19 დეკემბერს საკრებულომ დაამტკიცა აბაშიძის N10-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის გრგ-ის პრეოქტი.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შენარჩუნდება და იქნება კომერციული ფუნქციის.




