ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანია “არსი“ ხელისუფლებას აკისრებს. როგორც კომპანიის დირექტორმა ბესო ორთოიძემ BMG-თან საუბრისას განაცხადა, ქვეყნის განვითარება ევროპული კურსის გარეშე შეუძლებელია და მისგან დაშორება კერძო ბიზნესში ჩადებული კაპიტალის გადინებას გამოიწვევს.
„დღეს რთულია ისაუბრო ეკონომიკაზე, ან პოლიტიკაზე, რაც ხდება ამაზე სრული პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას, ვერავის ვერ დაეკისრება სხვას. ჩემთან როგორც ბიზნესთან, მოქალაქესთან, გადასახადის გადამხდელთან პასუხისმგებელია მთავრობა რომ არ დაუშვას ის, რაც ხდება. ვხედავთ მომიტინგეებზე ფიზიკურ ძალადობას და ვგმობთ ყველაფერს ამას.
გრძელვადიანად ქვეყნის განვითარება ევროპული კურსის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი რესურსები, შეუძლებელია ჩაკეტილი ეკონომიკის ფარგლებში დიდხანს კი არა, თვეებიც კი გავძლოთ. ვხედავთ კურსს რა ემართება და ვხედავთ უძრავ ქონებაზე როგორ მოქმედებს კურსი. ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს, მაგრამ თუ მთავრობას რაიმე გეგმა აქვს, მაშინ წარმოადგინოს როგორ მოხდება ევროპისგან დაფინანსების გარეშე ქვეყნის განვითარება. ევროპიდან არ მოდის დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფოსთვის, უამრავი კაპიტალია ჩადებული კერძო ბიზნესში და ასე უარის თქმა და დაშორება ნიშნავს, რომ მთელი ეს კაპიტალი გავა ქვეყნიდან და ამის ალტერნატივა რა არის ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია.“ – განაცხადა ორთოიძემ.
შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ. მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია – გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.