„მიმდინარე მოვლენების გამო ტურისტები ბიოლს ნაკლებად ჯავშნიან და გვეუბნებიან, რომ არასტაბილური ქვეყანა ვართ,“- ამის შესახებ „კომერსანტს“ Bioli Medical Wellness Resort- ის დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ უთხრა, მისი თქმით წინა წელთან შედარებით წელს ბიოლში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია.
„გვეუბნებიან, არ ვიცით, რა სიტუაცია გაქვთ, და არც ის ვიცით, მომავალში რა იქნება, თუ დასანქცირდით, საერთოდ კარგად იყავითო. ტურისტებს არ მოსწონთ არასტაბილურობა და ჩვენი დღევანდელი სიტუაცია.
ტურისტების ნაწილი გვეუბნება, რომ დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას და ჯავშნებით მოგვიანებით გადადეს, ნაწილი თავი იკავებს დაჯავშნისგან. ნაკლებად ჯავშნიან, ვიდრე აუქმებენ.“ – აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.
რაც შეეხება სეგმენტს მჭედლიძე აღნიშნავს, რომ ბიოლის სტუმრებში არაბული ქვეყნების, ისრაელის, ყაზახეთის და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ჭარბობენ, თუმცა მისივე თქმით, ევროპელები არსებული მდგომარეობის გამო თავს იკავებენ.
„ჯერჯერობით სიტუაცია გაურკვეველია ჩვენთვის, რაც შეეხება ფასებს, წელს ვერ ვაძვირებ, მაგის საშუალება არ არის, ფასები იგივე გვაქვს რაც შარშან, ადამიანების რაოდენობა იკლებს, შესაბამისად ვერც ფასებს მოვამატებ,“ – აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი კოჯორში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.