არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა – მარიამ ჯაში

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მარიამ ჯაში წერს, რომ არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი ს დანიშვნა მოლაპარაკებების გზით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში, პოლიტიკურად ნეიტრალური მანდატის მიუხედავად, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობას ან გაეროს გენერალური მდივნის მიერ კრიზისულ სიტუაციებში დანიშნულ საგანგებო ელჩს შეუძლია მიუკერძოებელი მედიატორის როლის შესრულება.
„2019 წლის ნოემბერში, ზუსტად 5 წლის წინ, დავტოვე საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, როგორც კი გამოჩნდა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების იგნორირების პირველი ნიშნები და „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციულად ჩააგდო საარჩევნო საკონსტიტუციო რეფორმა.
ბუნებრივია, ჩემი პოზიცია უცვლელია და ყოველთვის ვიამაყებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ხმა მივეცი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის ურყევ კურსთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ კონკრეტულად 78-ე მუხლის დამტკიცებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. დღეს, აღნიშნული ისტორიული მიზნის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მათ შორის დროში გადავადება, კონსტიტუციისა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაა.
და ის, რაც რუსთაველზე და არამხოლოდ თბილისში ხდება, ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების შედეგია და უპირველესი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება! არაჩვეულებრივი ცნებაა, რომ „პოლიტიკა ანაცვლებს ომებს“ და ვთვლი, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. მაგრამ რუსეთთან სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების მართებული მცდელობის ფონზე, ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა არანაკლები საშიშროება – საზოგადოებრივი დაპირისპირება.
დღეს ორივე მხარეს დგას ჩვენი ხალხი და დაპირისპირება უნდა შეწყდეს რაც შეიძლება სწრაფად! არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა მოლაპარაკებების გზით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. შექმნილ ვითარებაში, პოლიტიკურად ნეიტრალური მანდატის მიუხედავად, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობას ან გაეროს გენერალური მდივნის მიერ კრიზისულ სიტუაციებში დანიშნულ საგანგებო ელჩს შეუძლია მიუკერძოებელი მედიატორის როლის შესრულება.
რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოს ასევე უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლია როგორც დაპირისპირების შეჩერების, ისე სამომავლო მედიაციის ხელშეწყობაში. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველა თაობას, ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს გამორჩეულად, ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, პოლიტიკოსებს, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ვინც დღეს გულწრფელად იცავთ საქართველოს უალტერნატივო მომავალს!
P.S. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის გამო წლებია პოლიტიკურ პროცესებში აღარ ვიღებ მონაწილეობას და არც უახლოეს მომავალში ვგეგმავ დაბრუნებას“, – წერს მარიამ ჯაში.