არსებული გარემოს და შეზღუდვების გამო, უკვე გამოცდილი, კარგი შემოსავლის მქონე ადამიანები ფიქრობენ ქვეყნის დატოვებას – ნინო ნიაური

One Point – HR Outsourcing-ის მმართველი პარტნიორი ნინო ნიაური ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ემიგრაციაში წასვლაზე მოქალაქეები უკვე არა მხოლოდ ეკონომიკური გარემოებების გამო, არამედ ღირებულებიდან გამომდინარეც ფიქრობენ.
ამის შესახებ ნინო ნიაურმა “საქმიან დილაში” განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ბიზნესგარემო შეაფასა.
მისი თქმით, ბიზნესს განვითარების საშუალება შეზღუდული აქვს და არათუ გრძელვადიან, 1-2 წლიან გათვლებსაც ვეღარ აკეთებს.
“ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანი წავიდა ქვეყნიდან შრომით ემიგრაციაში ეკონომიკური გარემოებების გამო. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ადამიანები არა მხოლოდ ეკონომიკური გარემოებების გამო, არამედ ღირებულებების გამო და იმ გარემოს და შეზღუდვების გამო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, უკვე პროფესიონალი, გამოცდილი, კარგი შემოსავლის მქონე ადამიანები ძალიან აქტიურად ფიქრობენ ქვეყნის დატოვებას. ეს მძიმე გარემოებაა ეკონომიკისთვის, ბუნებრივია. ბიზნესები გრძელვადიანად აღარ იგეგმებიან. პრაქტიკულად აღარ გვხვდება ბიზნესი, რომელიც აკეთებს გათვლას 1 წელზე, 2 წელზე – ესეც კი ბევრი დრო გახდა. ეს გარემოება ბუნებრივია, ბიზნესს არ აძლევს ლავირების, განვითარების საშუალებას, ადამიანებს არ აძლევს განვითარების საშუალებას. ამ პირობებში ძალიან რთულია რაღაც დამაიმედებელი იყოს. ავტორიტარული მმართველობა ყველას ეხება, შეუძლებელია ვინმე გადაურჩეს ამ გარემოებას”,- თქვა ნინო ნიაურმა.