ფქვილზე საიმპორტო გადასახადი ერთი თვით, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, გაიზარდა იმპორტის საფასური.
უფრო კონკრეტულად, 28 თებერვლის დადგენილების მიხედვით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.30 ლარი, ანუ ტონაზე 300 ლარი. მაშინ, როცა აქამდე საფასური 1კგ-ზე 0.25 ლარი იყო, ანუ ტონაზე 250 ლარი.
კომპანია “აგროექსპორტის” დამფუძნებელი ლევან ჯანაშია bm.ge-სთან განმარტავს, რომ წისქვილკომბინატის გადასახედიდან საიმპორტო გადასახადის არსებობა გადამწყვეტია, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა წარმოებამ იარსებოს. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება არსებული ფაქტორების გათვალისწინებით ხდება და იმ შემთხვევაში თუ მოცემულობა შეიცვლება გადაწყვეტილებაც გადაიხედება.
“ეს პოზიტიური ცვლილებაა, იმის გათვალისწინებით, რომ 15 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციაში ამოქმედდა კვოტები ხორბლის გატანასთან დაკავშირებით, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, ამ დადგენილების შინაარსიც და მიზანიც არის ის რომ ამის პროპორციულად მოხდეს შიდა წარმოების ხელშეწყობა. რატომ ერთი თვით? ეს ტექნიკური საკითხია, გვაქვს მოლოდინი და არსებობს შეთანხმება რომ 1 თვის შემდეგ ეს კიდევ გაგრძელდება და საკმაოდ გრძელვადიანი უნდა იყოს. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დარგიც თანახმა არის და ზოგადად შეთანხმებაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია უკეთესობისკენ დარეგულირდება, დარგს პრობლემა არ ექნება რომ გაუქმდეს ეს დადგენილება.”- ამბობს “აგროექსპორტის” დამფუძნებელი ლევან ჯანაშია.
