არსებობს რეცეპტის გამომწერსა და მედიკამენტის შემომტან კომპანიას შორის არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტი – ირაკლი ლექვინაძე

არსებობს მედიკამენტების ჭარბი მოხმარების, ასევე რეცეპტის გამომწერსა და მედიკამენტის შემომტან კომპანიას შორის არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, ხშირად იქმნება მედიკამენტებზე ხელოვნური მოთხოვნა, რის გამოც წამლები პაციენტებს გაზრდილი ფასით მიეწოდება.
„გვქონდა მონიტორინგი [ფარმაცევტულ ბაზარზე], სადაც ვთქვით, რომ არის გარკვეული საკითხები, რაც ყურადღებას ითხოვს. მათ შორის ის, რომ მედიკამენტების ჭარბი მოხმარებისა და არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტია – მაგალითად, რეცეპტის გამომწერსა და იმ კომპანიას შორის, ვისაც მედიკამენტი შემოაქვს. ხშირად იქმნება ხელოვნური მოთხოვნა, რაც ნიშნავს იმას, რომ გაზრდილი ფასით ხდება პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდება. ამის დასტურია ჩვენი მოკვლევაც 8 კომპანიის მიმართ, რომელიც ჭარბ ფასნამატებს ეხება“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ლექვინაძემ ასევე ისაუბრა სააგენტოს მხრიდან მიმდინარე მოკვლევაზე, რომელიც სწორედ მედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზებას უკავშირდება. მისი თქმით, საქმე ეხება მედიკამენტებზე 300%-დან 3 000 %-მდე ფასნამატს.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
წყარო: ინტერპრესნიუსი