არსებობს გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან, მაგრამ მაქსიმალურად დავიცავთ სახელმწიფო ინტერესს – რევაზ სოხაძე

“ქართული ოცნების” მთავრობის ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი, რევაზ სოხაძე ამბობს, რომ ქვეყნის ისტორიაში საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ასეთი მასშტაბი არასდროს ყოფილა.
სამინისტროს ინფორმაციით, მან ამის შესახებ სენაკის ახალი საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
„სენაკში ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ბაღი აშენდა. სამუშაოები მალე დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ბაღი ექნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ბაღების, სკოლების და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისეთი როგორიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა,“- თქვა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, არსებობს გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან. სოხაძე აანონსებს, რომ მის გუნდთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.
„ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული პროცესში, მე და ჩემი კოლეგები, ის თანამშრომლები, რომელთაც კონკრეტულად ევალებათ ეს საქმე, ჩავალთ და ადგილზე მოვინახულებთ ყველა ობიექტს. ასე რომ, იქნება მუდმივი მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პრობლემები კონტრაქტორებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად დავიცავთ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს მათთან მიმართებაში,“- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
სენაკის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. ახალი საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ყველა საჭირო სივრცე: საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები, გარე რეკრეაციული და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.