არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მათ შორის მიმალვის საფრთხე | მოსამართლე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულზე

თბილისში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა. სხდომა კლინიკის პალატაში ჩატარდა.
მოსამართლემ განმარტა, რომ გიორგი კავლელაშვილს და დაცვის მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია.
“არსებობდა როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მათ შორის მიმალვის საფრთხე. პოზიცია მისი იყო – დაეთანხმა, გრძნობდა რაღაც თავის მორალურ პასუხისმგებლობას, აქედან გამომდინარე, საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია დაცვას”, – თქვა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილიმა.
პროკურორს მედიასთან არ უთქვამს არის თუ არა 30 წლის კაცი ძალადობის ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევი. მას არ დაუკონკრეტებია ფხიზელ მდგომარეობაში იყო თუ არა ის დანაშაულის ჩადენისას.
“ბრალდებულს, როგორც ასეთი პოზიცია არ დაუფიქსირებია, უბრალოდ ითხოვა, რომ ნამდვილად მას შეფარდებოდა პატიმრობა. […] მოტივი კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს ბრალდებულის გამოკითხვით და საქმის მასალების კომპლექსური შედარებით”, – ამბობს პროკურორი”, – თქვა პროკურორმა.
მკვლელობა ვარკეთილში 9 იანვარს მოხდა. ქმარმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ედიბერიძე კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ისიც კლინიკაშია.
გამოძიება ქმარს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.